ეპილოგი

2.1K 205 65
                                    

(მოუსმინეთ - Eunji - The Spring Piano ver.)

ყოველ დღე ვიღვიძებ ისე, რომ პირველი, რაც თვალში მხვდება ცაა. საწოლი სპეციალურად დავდგი ფანჯარასთან, რომ გაღვიძებისთანავე შევძლო გარეთ გამოხედვა. შვიდი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. 

გამოიცვალა ხალხი, ახლა ქუჩაში სიარული სრულიად სხვაგვარად მაგრძნობინებს თავს. არ მეუფლება ის შეგრძნება, რომ მინდა რომელიმეს ყელში წავუჭირო და ადგილზევე გავაფრთხობინო სული, ხმაც კი სულ სხვანაირი გახდა. თითქოს სიჩუმე, რომელსაც აქამდე გულისგამაწვრილებელი ჟღერადობა ჰქონდა, თბილ და სასიამოვნო მოსასმენ მუსიკად იქცა, სინამდვილეში კი ეს, რა თქმა უნდა, ისევ ხალხის ჩოჩქოლია და სხვა არაფერი. ჩიხებში ისევ გამოვიდნენ ბავშვები და ახლა მათი კისკისითაა სავსე ყველა უბანი და გარეთ სიარულიც კარგ განწყობაზე აყენებს ნებისმიერ გამვლელს. ამ ყველაფერთან ერთად შეიცვალა გარემოც. 

იცი, სეჰუნ, იმ ღამიდან შვიდი წლის შემდეგ გაზაფხული მოვიდა. ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენს საყვარელ წიგნში აღწერდა ავტორი. ზუსტად ისეთი თბილი, არომატული გაზაფხული, რომელიც თავს სრულიად სხვა სამყაროში გაგრძნობინებს. ყველაფერი ისეა, როგორც ეწერა. საოცარია, არა? ალბათ, მწერალს ნანახი ჰქონდა გაზაფხული და ზუსტად იცოდა რასაც და რაზეც წერდა. 

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საწოლი ფანჯარასთან მაქვს მიდგმული -ცაა. ისეთი ლურჯია, რომ აქამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა ასეთი ფერი საერთოდ თუ არსებობდა. იცი, ალუბლის ხეებიც კი დარგეს. ყვავილები ვარდისფრად აქვს შეღებილი, ზოგან თეთრი ლაქებიც კი დაჰკრავს ფურცლებს და ზოგჯერ მისი შეფერილობა ჩვენს წარსულსაც მახსენებს.

თუ შენ ამბობდი, რომ თოვლი და სიბნელე, რომელშიც აქამდე ვიძირებოდით, ადამიანების სიძულვილის და ყოველგვარი ბოროტების სიმბოლო იყო, ალუბლის ყვავილებმა თითქოს ყველა ეს ცოდვა შეისრუტა, მათ ფურცლებზე გამოსახული ვარდისფერი ფერი სისხლია, რომელიც შვიდი წლის წინ დაიღვარა უზარმაზარი ცვლილებისთვის, თეთრი ლაქები კი - ჩვენი დღევანდელი ყოფა.

11:11Where stories live. Discover now