30

1.6K 194 25
                                    

კოლონიის ჭიშკრამდე ჯონგინმა გამომაცილა. მთელი კიბე ლუქამდე სიჩუმეში ამოვიარეთ, მდუმარედ გავედით უგრძესი დერეფნის ბოლოშიც და როცა გასასვლელს მივუახლოვდით, უხმოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მისი ადგილი კი ჯუნმიონმა დაიკავა, რომელსაც ჩემი სახლამდე წაყვანა დაავალა უფროსმა. ქერამ ნაცნობი თბილი ქურთუკი გამომიწოდა. ზუსტად ის, რომელიც ჯონგინთან ერთად იმ იდუმალი კარის მიღმა მეცვა, გამყინვარებაში. ახლა ნამდვილად გამომადგებოდა, რადგან გარეთ, სავარაუდოდ, ისევ თოვდა. რომ დავუკვირდე, ხალხთან ერთად, არც თოვლი მინახავს რამდენი ხანია. მინდა ისევ შევიგრძნო მის მიერ მოტანილი სუსხი სახეზე, რომელიც კანს წვავს თავისი სიცივით, მინდა გადათეთრებულ ქუჩებსაც შევავლო თვალი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ჩემი პირველი შეცდომაც მაშინვე თვალწინ დამიდგება, თუმცა, როცა ყველაფერი ვაღიარე საკუთარ თავთან, შეცდომად აღარ ითვლება, ასე არ არის? 

გარეთ გასვლისას, თეთრ გარემოსთან ერთად, მინდა ისევ ვნახო ხალხი, უცნობები, მინდა ისევ გავიგონო მათი ჩოჩქოლი, ბავშვების სიცილისა და ბურთის თამაშის ხმა, მინდა ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე.

-მზად ხარ? -ჯუნმიონის ხმამ გამომიხსნა ფიქრებიდან, ხელი მხარზე დამადო და გამიღიმა. მის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ წიგნი ყდის მიხედვით მართლაც არ უნდა განსაჯოს ადამიანმა. თავიდან ისეთი სასტიკი და დაუნდობელი იყო, ახლა კი სახლში მაცილებს მთელი სახით გაბრწყინებული, თითქოს ჩემი მშობელი ან ძიძაა.

-ჰო, -მოკლედ ვუპასუხე და ხელები ჯიბეებში ჩავიყავი. მანაც რამდენჯერმე გადაატრიალა უზარმაზარი ჭიშკრის საკეტი და რამდენიმე წუთში შენობის ზღურბლს გადავაბიჯეთ. მაშინვე მომხვდა ცივი ჰაერი, რომელმაც ძვლებშიც კი დამიარა, სახე სუსხმა წამიყინა ისე, რომ რამდენიმე წამში ვერცერთ ნაკვთს ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ ხელები მქონდა ჯერ კიდევ "ცოცხალი", რადგან ქურთუკის ჯიბეებში ვმალავდი, იქ კი სიცივე ვერ აღწევდა. 

11:11Where stories live. Discover now