18

1.7K 180 20
                                    

*კითხვის დროს მოუსმინეთ EXO - Lightsaber <3*

ირგვლივ ქაოსი იყო. აქ მყოფების ხმები და მოძრაობები ერთმანეთში ირეოდა. ხალხის წამოძახილებს თან განგაშის გულისგამაწვრილებელი კივილიც ერთვოდა და ეს ყველაფერი ისე გვაგრძნობინებდა თავს, თითქოს სიზმარში ვიყავით. რაღაც საშინელ სიზმარში, რომელსაც ძილის დროს ვნახულობთ და სანამ არ გავიღვიძებთ მანამ არ დასრულდება. თუმცა ეს სიზმარი ისე გამოიყურებოდა, თითქოს დამთავრებას არასდროს აპირებდა. არ ჩუმდებოდა განგაში, არ ჩუმდებოდა ხალხი და არ ჩერდებოდნენ მათი სხეულები. წამით ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მათი ყოველი მიხრა-მოხრა სამუდამო, უწყვეტი იყო. ეს ნერვიულობის ბრალია? შიშის? ალბათ, რადგან სინამდვილეში იმას ვაცნობიერებდი, რომ ასე არ არის. სამუდამო არაფერია. ვგრძნობდი, როგორ მაჯანჯღარებდა ჩემს გვერდით მყოფი ქერა ფიგურა და ყურში რაღაცას ჩამყვიროდა, მე კი თვალები მხოლოდ ერთ რამეზე მქონდა მიყინული: სველი თმა, ლოყებზე ჩამომდინარი ოფლი წვეთებად, რომელიც მისი დამსკდარი ტუჩებიდან წამოსულ სისხლს ერთვოდა და მასთან ერთად გარბოდა კისრის ხაზისკენ, შუბლზე ჩამოყრილი მოვარდისფრო თმა და წითლად შეღებილი თეთრი პერანგი, რომელიც ახლაც, როგორც ყოველთვის, იდაყვებამდე ჰქონდა აკაპიწებული. წარბებიდან მისუსტებული თვალებით იცქირებოდა და ერთ მომენტში მისი მზერა ჩემზე დავიჭირე, რამდენიმე წამში კი ისევ უაზროდ განაგრძო გარშემო სიტუაციის თვალიერება. თვალს ვერ ვწყვეტ და გამოძრავებასაც ვერ ვახერხებ. საშინელი ადამიანი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ულამაზესია? სავარაუდოდ.

* * *

-სეჰუნ! გაინძერი! -როგორც იქნა ლუჰანის ხმამ ჩემს ქვეცნობიერამდეც ჩამოაღწია და გამომაფხიზლა. აქეთ-იქით მიმოვიხედე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე. აქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავდა. ნამდვილ ჯოჯოხეთს. ვინ ვის ახტებოდა თავზე და ვინ ვის ექაჩებოდა ფორმის საყელოში გასასვლელთან მირბენის მოსასწრებად, ვერ გაიგებდით. ასეთი აურზაურისა და გაურკვევლობის გამო სუნთქვაც ძალიან ჭირდა. თითქოს ჰაერი დიდი ლოდივით აწვებოდა ჩემს ფილტვებს და ვიგუდებოდი. ერთ ადგილას ვიდექი და ვიხრჩობოდი, შეუმჩნევლად, -სეჰუნ, ძალიან გთხოვ! - კიდევ ერთხელ შემომძახა ლუჰანმა და მკლავში მაგრად ჩამეჭიდა. ის იყო ადგილიდან უნდა მოვეწყვიტე, რომ უეცრად მეორე მკლავზეც ვიგრძენი ვიღაცის თითების შეხება და გავჩერდი.

11:11Where stories live. Discover now