ᝰchapter 14ᝰ

52 16 9
                                    

სასტუმრო ოთახში ოთხი ვამპირი დამხვდა - ორი ალფა და ორი ომეგა (მათი სურნელი ოდნავ მაღიზიანებდა). ცოტა იმედგაცრუებული და აღელვებული ვიყავი, მათ შორის იუნგი და დევიდი რომ ვერ აღმოვაჩინე. ჟურნალების მაგიდის ირგვლივ ზოგი დივანზე იჯდა, ზოგიც იატაკზე, ბუხარში კოცონი გიზგიზებდა. სამი მათგანი ბანქოს თამაშობდა: იატაკზე ერთი ომეგა იჯდა, ხვეული წაბლისფერი თმით, ჯინსი და ზუსტად მისი თვალების შესაფერისი, მოკლე შავი მაისური ეცვა. გვერდით იაპონელი ალფა ეჯდა, ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა, მოკლე შავი თმა ჰქონდა და იმავე ფერის პერანგი და შარვალი ეცვა. დივანში ჩასვენებულ სიმპათიურ (სხვათა შორის, ყველანი ძალიან სექსუალურები იყვნენ!) ალფას წაბლისფერი თმა, ლურჯი თვალები და წარბზე პირსინგი ამშვენებდა, მასაც ჯინსი და ნახევრად ჩახსნილი ლურჯი პერანგი ეცვა, რომლიდანაც დაკუნთული სხეული მოუჩანდა. თეჰიონივით შიშველი ფეხები იმ ომეგა ვამპირის კალთაში ედო, რომელიც არ თამაშობდა. ვამპირი წარმოუდგენლად ლამაზი, ქერა ომეგა იყო, ვიწრო ლურჯ მაისურსა და ჯინსის ქვედაბოლოში გამოწყობილი. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა, ან ერთი-ორი წლით უფროსი. გოგოს ხელში პატარა ნაცრისფერი თაგვი უგულისყუროდ ეჭირა და ათამაშებდა. თაგვი უსაშველოდ შეშინებული ჩანდა,გოგო კი - ავი და მოწყენილი. გაუსხლტებოდა თუ არა თაგვი თითებიდან, სტაცებდა ხელს და მის წვალებას აგრძელებდა. ბასტეტი, რომელმაც ორივეს წინ გაგვასწრო და ოთახში პირველი შევიდა, ქერა გოგოს ფეხებთან მოკალათდა და თაგვს მშიერი თვალებით მიაჩერდა. მოგვკრა თუ არა მე და თეჰიონს თვალი, ქერას სახე გაუნათდა.

- ხალხო, ნახეთ! თეჰიონმა ახალი თაგუნა მოგვიყვანა სათამაშოდ! - თქვა ქერამ შემპარავი, ხავერდოვანი ხმით. ლურჯთვალება ვამპირმა და იაპონელმა ალფამ ამომხედეს და გაოცებისგან ერთმანეთს მუჯლუგუნი ისე წაჰკრეს, ვიფიქრე, მიცნეს-მეთქი. ამასობაში თაგვმა დრო იხელთა - ქერას ხელიდან დაუძვრა, მაგრამ ვიდრე ომეგა ისევ დაიჭერდა და თავის ადგილს მიუჩენდა, ბასტეტმა იმარჯვა და ეძგერა. თაგუნამ საცოდავად დაიწრუწუნა კატის ბრჭყალებში და ერთბაშად გაიტრუნა, თითქოს ბოლო წამს სასწაულით მოვლენილ შეწყალებას ელოდა. მაგრამ ასე არ მოხდა - კატამ პირისკენ გააქანა საკბილო და წვრილი ძვლების ხრაშუნის გაგონებაზე ლამის ღებინება ამიტყდა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now