ᝰchapter 13ᝰ

48 18 4
                                    

უცებ სანთლის მოციმციმე ალმა მომჭრა თვალი, რომელიც ჩემს მაგიდაზე იდგა და მთელ ოთახს ანათებდა, ჭერს კი ჩრდილებით ავსებდა. ვერ გავიგე, რამ გამაღვიძა, ვიდრე ქვის იატაკზე ფოთლების შრიალი არ გავიგონე და გრილი, ნოტიო ჰაერი არ მომელამუნა ლოყებზე. ფარდა და უკანა კარი ღია იყო, თუმცა ზუსტად ვიცოდი, მე არ გამიღია. საწოლიდან ავდექი და კანკალით დერეფანში გავედი კარის დასაკეტად. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, სანთელი ჩაქრა და სრულ სიბნელეში აღმოვჩნდი. შავი ხეები სავსე მთვარის ფონზე მოჩვენებებივით გრძელ გუშაგებს დამსგავსებოდნენ და კარიდან რომ გავიხედე, თითქოს ერთხმად მომესალმნენ. მათ გრძელ ტოტებს შორის ვარსკვლავები ციმციმებდნენ. მივხვდი, იმაზე დიდხანს მეძინა, ვიდრე ვაპირებდი. მინდოდა, მზის ჩასვლამდე ავმდგარიყავი და ჩამეცვა – მზად დავხვედროდი საღამოს, მაგრამ ბუნებრივია, უფრო დაღლილი ვიყავი, ვიდრე წარმომედგინა. და, აი, ისევ დაღამებულა. ვამპირების დრო დამდგარა.

ქარის გამო სუნის რეცეპტორები ამრეოდა, შოკოლადის სურნელი საიდანღაციდან ცხვირზე მელამუნებოდა.

კანკალმა დამიარა და კარის დასაკეტად უკან დავიწიე. როგორც კი მივაწექი, ფეხზე თბილი, ფუმფულა ბეწვის შეხება ვიგრძენი და კივილი აღმომხდა. კატა აღმოჩნდა, რომელიც დერეფანში იჯდა და მიყურებდა. კატა თავიდან ფეხებამდე ღია ნაცრისფერი იყო, თითქმის ვერცხლისფერში გადადიოდა, თვალები კი ყველაზე კაშკაშა ლურჯი ჰქონდა, როგორიც კი ოდესმე მინახავს – წარმოიდგინეთ, მთვარიან ღამეში კარი იღება და ლაზურიტი შემოდის...

წინ წავედი, კატის წინ ჩავიმუხლე და ფრთხილად გადავუსვი ხელი. ფისო ადგა, ჩემი ხელისგულის ქვეშ გაიჭიმა, თაღივით აზიდა თავისი ხავერდივით რბილი, მოდუნებული სხეული და აკრუტუნდა.

– გამარჯობა, ლამაზო, – ჩავჩურჩულე მე, – რა გქვია?

– ბასტეტს ვეძახით, ეგვიპტური ქალღმერთის პატივსაცემად, – ოთახის მეორე ბოლოდან ნაცნობი ხმა გაისმა. აი საიდან მომდიოდა შოკოლადის არომატი!

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now