[20]

950 131 3
                                    

  - ძმაო, გამოფხიზლდი,-შუადღისას თეჰიონს უკვე მობეზრდა ჯონგუკის ყურება და მხარზე ხელი წამოარტყა, რომელიც თავის ტკივილის გამო ნორმალურად გიტარაზეც ვერ უკრავდა. დილიდან ბარში იყვნენ და ახალ სიმღერაზე მუშაობდნენ, ბიჭისთვის კი ნაბახუსევის გამო აუტანელი ხდებოდა დანარჩენების საუბარი და მუსიკის მოსმენაც კი.
  - ხელებს მოგამტვრევ,-დაუღრინა უმცროსმა.
  - სახლში გამთენიისას რომ არ დაბრუნებულიყავი, ასე ცუდად არ იქნებოდი.
  - შენ რა, მითვალთვალებ?!
  - მართლა ასეთი მთვრალი იყავი, რომ არ გახსოვს, მე და იუნგიმ რომ აგათრიეთ ოთახამდე?
  ჯონგუკმა თვალები მოიზილა. უკანასკნელი, რაც ახსოვდა, ის იყო, რომ კლუბის ეზოდან დაურეკა ჯიმინს, ტკბილი ძილი უსურვა და დასალევად შებრუნდა.
  - სახლში როგორ დავბრუნდი?-თეჰიონის მობეზრებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
  - ორმა გოგომ მოგაცილა მანქანით,-სიცილი აუტყდა ჯონგუკის მეგობარს,-დამშვიდობებისას ორივეს უთხარი, ერთმანეთი დაეფასებინა, სანამ კიდევ შეეძლოთ ერთად ყოფნა. მერე ლექციის კითხვა დაუწყე სიყვარულზე და ისინიც გისმენდნენ, ეტყობოდათ თვითონაც მთვრალები იყვნენ, შენ იმდენი სისულელე ილაპარაკე, ორივე მაინც მოთმინებით გელოდებოდა, როდის დაამთავრებდი სათქმელს.
  ჯონგუკს შეყვარებული წყვილი მაშინვე გაახსენდა, სომინი და ჯიუ, რომელიც კლუბში გაიცნო. რაც ბიჭმა ჯიმინზე უამბო, გვერდიდან აღარ შორდებოდნენ.
ახალგაზრდას საკუთარი საქციელის რცხვენოდა. ყოველთვის ბევრს სვამდა, მაგრამ ამდენი სასმელი არასდროს აურევია ერთმანეთში და სიმთვრალისგანაც არასდროს დაუკარგავს მეხსიერება.
  ჯგუფს საღამო ბარში უნდა გაეტარებინა, ჯონგუკს უამრავი სამეცადინო ჰქონდა და თავს ვერაფერს აბამდა. უყურადღებოდ ვერ დატოვებდა სწავლას და საკუთარ ცხოვრებას სანაგვეზე ვერ მოისვროდა.
ახლა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ცრემლები ძლივს შეიკავა. დასამშვიდებლად პერსონალის ცარიელ ოთახში გავიდა და შიგნით ჩაიკეტა.
გადაწყვიტა მისთვის დაერეკა, რომლის მონატრებას ჯიმინის შემდეგ უფრო მძაფრად აღიქვამდა.
  - გამარჯობა, დედა,-ქალმა რამდენიმე წამის შემდეგ უპასუხა,-როგორ ხარ?
  - კარგად, გუკი, შენ?
  მას შემდეგ, რაც პუსანში ჩამოვიდა, ჯონგუკს ასე პირველად ესიამოვნა დედამისის ხმის მოსმენა.
  - თვითონაც არ ვიცი...
  - რა მოხდა, ძვირფასო?
  - დედა, არ ინერვიულო, არაფერი ხდება. ამისთვის არ დამირეკავს... უბრალოდ მაინტერესებდა, როგორ იყავით. მამა სად არის? შენ რას აკეთებ?
  მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ მაინც საუბრობდა ხოლმე მშობლებთან, არ ჰყოფნიდა. ენატრებოდნენ, მაგრამ დარეკვა თვითონ არ უნდოდა. ეგონა ამით საკუთარ სისუსტეს გამოაჩენდა და „დედიკოს ბიჭად" ჩათვლიდნენ.
  - მამა ოფისში წავიდა ცოტა ხნის წინ, საბუთები დარჩა და უნდა წამოიღოს, ხოლო მე წიგნს ვკითხულობდი.
  - მენატრებით,-რამდენიმე გრძელი წამის შემდეგ ჩუმად თქვა კედელზე მიყუდებულმა და იატაკზე ჩამომჯდარმა ჯონგუკმა და პატარა ბავშვივით ატირდა. ტიროდა და არ ნანობდა სიტყვას, რომელიც პირველად უთხრა საკუთარ მშობელს.
  - ჩვენც გვენატრები, პატარავ... დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი ხდება? შეგიძლია მითხრა, რაც გაწუხებს.
  - ჯიმინი გავიცანი. პაკ ჯიმინი...-ცრემლებს მაისურის სახელოებით იწმენდდა, ისინი კი არ წყვეტდნენ დენას.
  - მან რამე დაგიშავა? რამე გითხრა?-რა თქმა უნდა ჯონგუკს მისთვის ჯიმინის წარდგენა არ დასჭირვებია, ისედაც იცოდა, ვინ იყო.
  - არა დედა, ის ძალიან კარგი ბიჭია. ჯერ კიდევ მაშინ შევხვდი, სანამ სკოლა დაიწყებოდა... იმ კონცერტზე იცეკვა, სადაც უნდა დამეკრა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთო კლასში მოვხვდით და თანაც ის ბარის მეპატრონის ნახევარძმაა... დავმეგობრდით, შემდეგ კი...
  ჯონგუკის დედამ სიმართლე იცოდა თავის შვილზე, მაგრამ ბიჭს თქმის მაინც ერიდებოდა.
  - შეგიყვარდა?-მზრუნველი ხმით ჰკითხა დედამ.
  - საერთოდაც, ერთად ვიყავით, სანამ დედამისი, ნარა არ ჩამოვიდა... მან როგორც გაიგო, ვინ ვიყავი, ამითვალწუნა. ამის მიზეზი თვითონ ვუამბე ჯიმინს...
  - და მანაც დედამისს მიჰბაძა?
  - არა, დედამისის მიზეზი სისულელედ მიაჩნია, მაგრამ ნარამ... ნარამ სეულში გადმოიყვანა და დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობაზე გაიგო.
  - ღმერთო ჩემო, ნარა არასდროს გამოსწორდება...
  - დედა, ხომ იცოდი, სადაც ვუკრავდი? რატომ არ მითხარი, ნარას ოჯახთან რომ მომიწევდა ურთიერთობა?
  - იმიტომ, გუკი, რომ მეგონა, ამ სისულელეებს მოეშვებოდა ნარა და ნორმალური ადამიანივით დაიწყებდა აზროვნებას. ამიტომაც, მე პრობლემას ვერ ვხედავ შენი და ჯიმინის ურთიერთობაში, ის კი პირიქითაა... სანამ მანდ ვცხოვრობდით, სულ ცდილობდა, ჯიმინი არ გაგკარებოდა, თითქოს მისი ქმრის სიკვდილი შენ, სულ პატარა ბავშვმა დაგეგმე. როგორც ჩანს, არ აპირებს თვალი აახილოს. რას ვიზამთ, გუკი, ყველა ნორმალურს ეშინია რაღაცის. ნარამ საყვარელი კაცი დაკარგა, ახლა კი შვილს იმ საფრთხისგან იცავს, რომელიც არ არსებობს.
  - მისი შიშის გამო ახლა მე ვკარგავ საყვარელ ადამიანს...
  - არავის დაკარგავ, ჯონგუკ. ანუ, ჯიმინი ახლა აქ, სეულშია?
  - ხო დედა, ძალიან შორსაა ჩემგან...-თავი ჩახარა აქვითინებულმა.
  - აქ დაბრუნება თუ გინდა, მე და მამაშენი ყველაფერს მოვაგვარებთ.
  - Mammon-ს ვერ დავტოვებ..
  - საყვარელო, თუ ჯიმინს არ სურს შენთან ურთიერთობის შეწყვეტა, ნურც ამაზე ინერვიულებ. სკოლა რომ მორჩება, კვლავ შეხვდებით, ახლა კი მხოლოდ მოთმენაა საჭირო.
  - მე არ მიჭირს მოთმენა, მაგრამ ჯიმინზე ვნერვიულობ. ის... სხვანაირია. ხალხს მარტივად ვერ ეგუება. თვითონაც ბევრი დრო დამჭირდა, მასთან ნორმალური ურთიერთობის ასაწყობად.
  - ნარასთან ცხოვრობს?
  - არა, საკუთარ ბინაშია, სოკჯინმა მეთვრამეტე დაბადების დღეზე აჩუქა.
  - მისამართი თუ იცი, მითხარი, მივალ და თუ დასჭირდა, აუცილებლად დავეხმარები.
  - მართლა? -გაეღიმა ჯონგუკს.
  - რა თქმა უნდა. ყველაფერს ვიზამ, შენ რომ არ ინერვიულო.
  - მადლობა, დედა...
  - იცოდე, თავი არაფერში დაიდანაშაულო, კარგი? ჭკუით იყავი, ნახვამდის.
  - ნახვამდის..
    ჯონგუკი დამშვიდდა და სოკჯინი მოძებნა. მან უპრობლემოდ უთხრა ჯიმინის მისამარი, ისედაც უსიტყვოდ თანაუგრძნობდა ბიჭს და მცირედ დახმარებაზე უარს ვერ ეტყოდა.
მას შემდეგ, რაც დედას გაუგზავნა შეყვარებულის მისამართი, დამშვიდდა და ახლა ჯიმინს დაურეკა. ის მოწყენილი იყო, ამიტომ ჯონგუკი მხიარულად ელაპარაკებოდა და ეხუმრებოდა, მის გამოსაკეთებლად, არადა თვითონაც არ გრძნობდა თავს კარგად. ისიც უთხრა, მეცადინეობას ვაპირებო, რადგან ამის გამო ნერვიულობდა. ზარის დასრულებისას ჯიმინი იცინოდა და ჯონგუკიც ოდნავ დაწყნარდა.
საღამოს ბარში სომინი და ჯიუ შენიშნა, გოგონები მის მოსანახულებლად მოსულიყვნენ. ცოტა ხანს ისაუბრეს, ჯონგუკმა სასმელზეც დაპატიჟა ისინი, რომლებმაც პატარა ძმასავით მიიღეს. წასვლამდე უთხრეს, კიდევ მოგიკითხავთ ხოლმეო.
ბარის დაკეტვამდე ჯონგუკი ისევ მთვრალი იყო, მაგრამ საკუთარ ოთახამდე თვითონ შეძლო თავის ათრევა.

His Metal VeinsWhere stories live. Discover now