[19]

941 139 15
                                    

ჯიმინს ძლიერ სძულდა სეული და რაც ამ ქალაქში ჩამოვიდა, სულ აქედან წასვლაზე ფიქრობდა.
საღამოს, სანამ პუსანს დატოვებდა, თემინს ესტუმრა. როცა გადასვლაზე უთხრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთად ვეღარ იცეკვებდნენ, თემინი მხოლოდ სევდიანი სახით გადაეხვია და წარმატება უსურვა იქ, სადაც მიდიოდა.
მეგობარი სოკჯინის ბარშიც გაჰყვა, სადაც იმედი ჰქონდა, ჯონგუკს კიდევ ნახავდა, მაგრამ უმცროსი იქ არ დახვდა. Mammon-ის დანარჩენ წევრებსა და ძმას დაემშვიდობა და სახლში წავიდა, სადაც დედა უკვე წასასვლელად გამზადებული დახვდა.
რამდენიმე საათი იჯდა ნარას მანქანაში და ფანჯარას გაჰყურებდა. ის ზედა ეცვა, ჯონგუკმა რომ აჩუქა შობას და სწორედ ამ უკანასკნელზე ფიქრობდა. წესით მას საღამოს ბარში უნდა დაეკრა, მაგრამ მიზეზი, რატომაც სოკჯინთან არ დახვდა, არ იცოდა.
მგზავრობით დაღლილს, არც ახალი სახლის დათვალიერებით შეუწუხებია თავი- უბრალოდ დაწვა და დაიძინა.
დილით ნარამ ბედნიერი სახით ჰკითხა, მოსწონდა თუ არა ძმის ნაყიდი სახლი. ჯიმინი მადლიერი იყო, ნარასთან ცხოვრება რომ არ უწევდა, ამიტომ ყველანაირ ადგილას გაჩერდებოდა, სადაც მას არ გადაეყრებოდა.
სახლი კი მართლა კომფორტული იყო. მეათე სართულზე, მისაღებით, სამზარეულოთი და ჯიმინის საძინებლით. ალბათ ჯინს ამ სიკეთისთვის შესაბამისად ვერასდროს გადაუხდიდა მადლობას.
შუადღეს ნარა სამსახურში წავიდა და ბიჭს, რომელიც საწოლიდან ჯერ კიდევ არ ამდგარიყო, დაუბარა, ხვალ გამოგივლი და სადმე გავიდეთ საჭმელადო. საწყალ ბიჭს ერთადერთი, სადაც წასვლა უნდოდა, პუსანი იყო.
ფაქტი, რომ მისი მშობლიური ქალაქი იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე გეგმავდა, ნერვებს უშლიდა.
ზაფხულში რომ გეკითხათ მისთვის, მაშინვე გადმოვიდოდა სეულში, თუმცა ახლა, როდესაც მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ასე აღარ ფიქრობდა.
იწვა და გონებით კილომეტრებით შორს მოგზაურობდა, ტელეფონი რომ აწკრიალდა.
  - როგორ ხარ?-მისალმების გარეშე ჰკითხა ჯონგუკმა.
  - დაღლილი, გუკი... შენ?
  - თავი მტკივა,-ხმაზე ეტყობოდა, ახალგაღვიძებული იყო,-მგზავრობამ დაგღალა ასე?
  - კი. შენ რატომ გტკივა თავი?
  - ბარში უამრავი ადამიანი იყო და ალბათ ამიტომ. რას აკეთებ?
  - ისეთს არაფერს. შენზე რას მეტყვი?
  - ვწევარ და... შენზე ვფიქრობ.
  ჯონგუკის ნათქვამზე ჯიმინს ლოყები აუხურდა.
  - რას ფიქრობ?
  - გეგმას ვადგენ, თუ როგორ შეიძლება, მაქედან მოგიტაცო.
  - მაშინ, სერიოზული გეგმა გჭირდება. ნარამ ციხესიმაგრეში გამომკეტა და დრაკონი მომიჩინა მცველად.
  - მაშინ, ცხენიც მჭირდება. მგონი ჰოსოკი კარგი გამოსავალია, მას ფურგონი ჰყავს.
  - მაშ, ესაა შენი გეგმა?
  - დიახ, მშვენიერო,-გაეცინა ჯონგუკს, ჯიმინმა კი ტუჩზე იკბინა:
  - მომხიბვლელი პრინციც ადგილზეა.
  - არ ვიცი, ეგ საკუთარ თავზე თქვი, თუ მე მიგულისხმე.
  - შენზე ვთქვი, ყველაზე სიმპათიურ და სექსუალურ პრინცზე,-ჩუმად უთხრა ჯიმინმა, შემდეგ კი საკუთარი ნათქვამის შერცხვა. უბრალოდ, როცა საწოლში ნახევრად შიშველი ჯონგუკი წარმოიდგინა, თავი ვეღარ შეიკავა.
  - ოჰო, ჯიმინ...-ჯონგუკს ხმაში ეშმაკური ტონი შეეპარა,-ნუთუ ნარამ შეგილოცა, ასეთ რამეებს რომ ამბობ?
  - დიახ, სწორედ მისი ბრალია. ეს შელოცვა კი ძლიერ ანდომებს ადამიანს...
  - ვეცდები, ეს შელოცვა მალე მოვხსნა.
  - შენთვისვე აჯობებს ასე.
 
  ჯონგუკს თითქმის მთელი დღე ესაუბრებოდა და თავს ნაკლებად მარტოსულად გრძნობდა. მისი ხმის მოსმენაც აწყნარებდა და ღამითაც ძლივს შეძლო დამშვიდობება.
სანამ სკოლა დაიწყებოდა, ბიჭები დროს საუბარში იყვანდნენ, ხოლო როცა ჯონგუკს ბარში უწევდა ყოფნა, ჯიმინი კითხვით ირთობდა თავს.
დედა ხშირად სტუმრობდა ჯიმინს და ეხვეწებოდა, რადგან თავისუფალი დრო მაქვს, სეულს დაგათვალიერებინებო, მაგრამ ის არსად გაყოლას აპირებდა, ამიტომ ქალი იმედგაცრუებული ბრუნდებოდა საკუთარ სახლში.

პირველ დღეს ნარამ წაიყვანა სკოლაში, ამის შემდეგ სკოლის ავტობუსით მოუწევდა მგზავრობა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელმა ახალი მოსწავლე ყველას ხმამაღლა გააცნო, ჯიმინს არავისთან დამეგობრების სურვილი გამოუჩენია. ყველგან ბოლო მერხზე მოუწია ჯდომა და ამით უხერხულობაც აიცილა თავიდან - მისი დათვალიერებით კისრის მოტეხვას მაინც არავინ აპირებდა.
ლანჩის დროსაც არ შესულა კაფეტერიაში. სიცივის მიუხედავად მაინც ეზოში, მოედანზე გადაწყვიტა ჯდომა, ზარის დარეკვისას კი ისევ საკლასო ოთახში დაბრუნდა.
სასწავლო დღე საშინლად გაიწელა და ჯიმინისთვის უცხო გარემო უფრო აუტანელი გახდა.
მართალია ერთნაირი წიგნებით გადიოდნენ პროგრამას, მაგრამ აქაირობას პუსანთან არანაირი მსგავსება არ ჰქონია. პუსანში შედარებით პატარა სკოლა იყო, აქ კი ოთხი უზარმაზარი შენობისგან შემდგარი, სადაც უფრო მეტი ბავშვი სწავლობდა და თითქმის ყველა ახალ მოსწავლეს აშტერდებოდა. ალბათ ყველას აინტერესებდა, რატომ შეიცვალა ამ დროს სასწავლებელი ადგილი. ჯიმინსაც ძალიან სურდა, რეალური მიზეზი სცოდნოდა.
სახლში დაბრუნებული, პირდაპირ ტახტზე დაეცა და ჯონგუკს დაურეკა.
  - დღემ როგორ ჩაიარა?-ალბათ ჯონგუკი ელოდა, ჯიმინი ამ დღეს კარგად გადაიტანდა, თუმცა ასე სულაც არ იყო.
  - საშინლად, გუკი. აქაურობას ვერ ვიტან...
  - ვინმეს გაცნობა არ სცადე?
  - არა და არც ვაპირებ. აქაურებთან ურთიერთობა მაინც დროებითია, მე კი არ მინდა ზედმეტი თავისტკივილის გაჩენა.
  - ერთადერთი თავისტკივილი შენს ცხოვრებაში მე ვარ, არა?
  - დიახ, შენ ხარ... შენმა დღემ როგორ ჩაიარა?
  - სკოლა მოსაწყენი იყო, მაგრამ ბარში კარგი ამბები დამხვდა. შენს ძმას ვიღაც ცნობილი პროდიუსერები ეწვევიან ამ საღამოს და სოკჯინმა გვთხოვა, დღეს მხოლოდ ჩვენი დაწერილი სიმღერები შევასრულოთ. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კონტრაქტს გაგვიფორმებენ და Mammon პირველ ალბომს გამოუშვებს.
  - ხუმრობ?-სიცილით წამოჯდა ჯიმინი,-ძალიან მაგარია, გუკი! გილოცავთ!
  - გმადლობ, თუმცა ჯერ მოსალოცი არაფერია. შენი ძმა ძალიან გვეხმარება.
  - ჯინი ძალიან კარგი ადამიანია.
  - ნამდვილად ასეა. ჯიმინ, ახლა უნდა გავიქცე და ბიჭებთან ერთად რეპეტიციას შევუდგე. ხვალ დაგირეკავ, კარგი?
  - წარმატებები, გუკი! ნახვამდის.
  - ნახვამდის, მშვენიერო,-გაუცინა უმცროსმა და ტელეფონი გათიშა.
  ჯიმინს სჯეროდა, Mammon აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას.

His Metal VeinsWhere stories live. Discover now