[7]

1.3K 175 8
                                    

როდესაც მასწავლებელი წარბაწეული ამოწმებდა ჯონგუკის რვეულს, ჯიმინი მის გამომეტყველებას საგულდაგულოდ აკვირდებოდა. კაცი, რა თქმა უნდა, გაკვირვებული იყო და არც ის ეჯერებოდა, რომ ჯონგუკმა საშინაო დავალება თვითონ დაწერა და არავისგან გადაუწერია. ბიჭმაც უარყო, თუმცა ჯიმინის გარდა არავინ დაუჯერა, მხოლოდ მან იცოდა სიმართლე და გულში ეამაყებოდა კიდეც.
ცეკვაზე რომ მივიდა, თემინს რამდენიმე მოძრაობა გადაეკეთებინა და ჯიმინმაც მოუწონა, ისინი უფრო ჯდებოდა მუსიკაში. საბოლოოდ, მიხვდნენ, რომ ქორეოგრაფია ზუსტად ისეთი გამოსდიოდათ, როგორზეც საუბრობდნენ ამდენხანს.
ჯიმინი სახლში რომ მივიდა, ჯინის დატოვებული საჭმელი მიირთვა და სააბაზანოში შევიდა. ბანაობის დასრულებისას კი უკვე დრო იყო, ჯონგუკი მოსულიყო, ამიტომ თმის სპეციალურად გაშრობისთვის თავი არ შეუწუხებია. უბრალო, თეთრი მაისური და შავი შორტები ჩაიცვა და საკუთარ წიგნებთან ერთად მისაღებ ოთახში ჩავიდა, სადაც უნდა ემეცადინათ.
რამდენიმე წუთში ჯონგუკმა ლამის კარები მუშტებით ჩამოიღო და იქამდე არ გაჩერებულა, სანამ ჯიმინმა არ შემოუშვა.
  - შეგეძლო ზარი გამოგეყენებინა,-შეუბღვირა ბიჭს, რომელსაც Iron Maiden-ის მაისური და შავი ჯინსები ეცვა.
  - დარწმუნებული არ ვიყავი, მუშაობდა თუ არა,-სულელურად გაიღიმა და ჩანთა პირდაპირ მაგიდაზე დააგდო.
  - დაჯექი, მე ჩაის გავაკეთებ, რადგან წვენი დილით გაგვითავდა,-ჯიმინი სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ ჯონგუკი წამოეწია.
  - მე გავაკეთებ.
  - მართლა ვიცი, როგორც კეთდება ჩაი.
  - მაგრამ, ჩემი მაინც განსაკუთრებულია.
  ჯონგუკი მართალი იყო, მის გაკეთებულ ჩაის მართლაც განსხვავებული გემო ჰქონდა, ამიტომ ჯიმინი სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოჯდა და ბიჭს დაუწყო ყურება, რომელიც მას უკვე აღარ ეკითხებოდა, რა სად უნდა ენახა.
  - დაინახე, რა სახე ჰქონდა მასწავლებელს, როცა ვერცერთი შეცდომა ვერ იპოვა?-ჯონგუკი უდარდელად ლაყბობდა, აშკარად ნასიამოვნები იყო საკუთარი თავით.
  - დავინახე,-ჯიმინს გაეცინა,-და თუ მოინდომებ, სულ ასე იქნება, ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდება. უბრალოდ, კლასში მეტად დაკვირვებული უნდა იყო.
  - ვიცი,-ჯონგუკმა ჩაი ჭიქებში დაასხა და თვითონვე გაიტანა მისაღებ ოთახში.
  ამჯერად ერთმანეთის გვერდზე ისხდნენ, ჩაის მიირთმევდნენ და რადგანაც მასწავლებელს ახალი არაფერი აეხსნა, ჯერ დავალებას ასრულებდნენ. შემდეგ კი, ჯიმინი იმ თემას ხსნიდა, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში გაიარეს. ჯონგუკმა ხელმეორედ დაწერა ძველი დავალებები და ჯიმინი ახლაც გაოცებული დარჩა, უშეცდომო ნაწერი რომ წაიკითხა.
  - ამას ძალით აკეთებ? - ჰკითხა და ახალგაზრდას შეხედა.
  - რას გულისხმობ?
  - ნიჭიერი ხარ, შენ კი თავი სულელად მოგაქვს, არაფერს აკეთებ, რომ სკოლაში თავი გამოიჩინო. რამის დამტკიცებას ცდილობ ვინმესთვის?
  - არა,-თავი გაიქნია ჯონგუკმა.
  - მაშინ, თვითონ მითხარი.
  - არ მინდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში, ან რომელიმე კოლეჯში გავაგრძელო. ერთადერთი რასაც ვაპირებ, ჩემი საქმეა- სიმღერების წერა და მუსიკის შექმნა.
  - ამით ყოველთვის ვერ იშოვნი ფულს.
  - ვიცი, მაგრამ იმას გავაკეთებ რაც მიყვარს და რაც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი.
  - გასაგებია...-ჯიმინს ცოტა გული სწყდებოდა, ბიჭს სხვა მიზანი რომ არ ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ მის მაგივრად ვერაფერს გადაწყვეტდა.
  - კიდევ რა გიყვარს?-ჰკითხა ჯონგუკს ღიმილით.
  - ხატვა,-მაშინვე ღიმილით უპასუხა,-ყველა ტატუ, რაც მაქვს, ჩემი დიზაინითაა შექმნილი. შენც დაგხატავ, გინდა?-თვალები გაუბრწყინდა ბიჭს, ჯიმინმაც მხრები აიჩეჩა და კიბატონოვო, უთხრა.
  სანამ ჯონგუკი კალმით მისი მათემატიკის რვეულის ყდაზე ხატავდა, თვითონ ინგლისურის დავალებას ამზადებდა. ბოლოს ახალგაზრდამ ნახატის პრეზენტაცია ჩაატარა.
  - მაღლა იმიტომ იყურები, რომ სხვანაირად ჩემს სახეს ვერ შემოხედავ, იმდენად პატარა ხარ. ხოლო სახეზე თმა გაქვს ჩამოშლილი, რაც ნიშნავს, რომ მას უკან წამის მეასედში გადაიწევ.
  ჯიმინს გაეცინა და ჯონგუკს მხარზე ხელი გასცხო. ნახატი მართლაც კარგი იყო, რასაც ბიჭის საქციელებზე ვერ იტყოდა.
  - კარგად ხატავ, ვაღიარებ.
  - მიხარია, რომ მოგწონს.
  - ახლა, დანარჩენ საგნებსაც მივხედოთ,-დასერიოზულდა ჯიმინი.
  - აქ რომ მხოლოდ მათემატიკისთვის ვარ?
  - აბა, ყველა წიგნი რატომ წამოიღე?-თითით ანიშნა გახსნილ ჩანთაზე, საიდანაც წიგნების ყდები ჩანდა.
  - წამოსვლამდე არც ამომილაგებია.
  - შემდეგ ჯერზე, როცა ჩემთან მოსვლა დაგჭირდება, უბრალოდ რვეულები წამოიღე. შენს ზურგს ვუფრთხილდები,-გაეცინა ჯიმინს.
  საერთოდ, მას მარტო მეცადინეობა ერჩივნა, მაგრამ ჯონგუკი სწავლისას არ საუბრობდა და ზედმეტადაც არ მოძრაობდა, ამიტომ დისკომფორტი არ ექმნებოდა.
  - დავიღალე,-თქვა ჯონგუკმა, რომელმაც უკანასკნელი რვეულიც გვერდზე გადადო.
  - რას ლაპარაკობ...-ჯიმინს საუბრის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ჯონგუკმა სახე ყელთან მიუტანა და გაკვირვებისგან სიტყვაც ვერ თქვა.
  - პაკ ჯიმინ, ისეთი საოცარი სუნი გაქვს, მთელი საღამოა თავბრუს მახვევ,-ჩახლეჩილი ხმით თქვა ბიჭმა, ჯიმინს კი სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და სირცხვილისგან სახე ხელებში ჩამალა.
  არა, ჯონგუკი არასდროს გამოსწორდებოდა!

His Metal VeinsWhere stories live. Discover now