3

475 82 13
                                    

"ექიმების შეცდომებს მერეც დავუბრუნდები, კიდევ ბევრჯერ მომიწევს მათი ხსენება, ამიტომ ყველაფერს ერთი ამოსუნთქვით არ ჩამოვყვები, უფრო საინტერესო რომ იყოს წასაკითხად. ვისთვის? ჩემთვის და კიდევ რამდენიმე პიროვნებისათვის, რომლებიც, ეჭვიც არ მეპარება, პირველივე გამოჩენილი შემთხვევისთანავე გადაფურცლავენ ამ დღიურს და ყველაფერს კარგად წაიკითხავენ. 


ჩემი მთავარი კითხვა, უფროსწორად, სასაუბროდ მთავარი თემა ახლა ცხოვრებაა. ვზივარ, ვწერ ამ, თითქოს-და გამოსადეგარ დღიურს, რომელმაც წესით უზარმაზარი სარგებელი უნდა მოუტანოს ჩემს ცხოვრებას, და ვფიქრობ - რატომ უნდა ვწერო ის, რასაც ვფიქრობ? რატომ უნდა მოვუყვე ვიღაცას ის, რაც გონებაში მიტრიალებს და თუ ეს ოდნავ ეგოისტურად ჟღერს ჩემი მხრიდან (რადგან, როგორც მიღებულია, ადამიანებმა თავიანთი ცუდი გამოცდილება ყოველთვის სხვას უნდა გაუზიარონ, ეს აუცილებლობაა), რატომ უნდა მოისმინოს სხვამ ჩემი ტკივილის შესახებ? არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სტკივა და, მით უმეტეს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც ცხოვრებაში, არ სტკენია ისე, რომ ახლა მის სულზე შეუხორცებელი ნაიარევია დატოვებული, მაშასადამე, რა ვალდებულები ვართ, რომ ერთმანეთის ცუდი ამბები ვისმინოთ, როდესაც ყველას ჩვენ-ჩვენი სადარდებელი იმდენი გვაქვს, რომ წიგნებად რომ დაგვეწერა, ალბათ ერთი დიდი ბიბლიოთეკის თითოეულ თაროს გადავავსებდით და კიდევ დაგვრჩებოდა ზედმეტი წიგნები დასაბინავებლად. დაფიქრდი, რა შეიძლება იყოს ამ კითხვის პასუხი?  როგორც წეღან ვახსენე - უზარმაზარი ნუსხა პასუხებისა, რომლიდანაც თითოეული პასუხი თან მცდარია, თან-არა." 

ღამის ორი საათი დგებოდა, როდესაც ჩანიოლმა პირველი გვერდი ბოლომდე ჩაიკითხა, მას შემდეგ, რაც საათნახევრის წინ ჩანაწერის შუაში შეჩერდა მთლიანი ინფორმაციის გასააზრებლად. სიმართლე რომ ითქვას, ეს მცდელობა წარუმატებლად დაუსრულდა, რადგან ვერც თავი ჩანაწერებისა და ვერც დაბოლოება ერთმანეთთან ვერ დააკავშირა. დღიურის ავტორი, ვინმე ბექჰიონი, რომლის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ რაღაც უცნაური პრობლემები ჰქონდა, თავისი გონების კუთხეებში გამოჩეკილ აზრებს მიედ-მოედებოდა და შემდეგ გაყავისფრებულ, დაძველებულ ფურცლებზე გადმოჰქონდა. მხოლოდ ეს იყო ის, რაც ჩანიოლმა პირველი გვერდის ჩაკითხვის ბოლოს დაასკვნა. ვინმე ბექჰიონი, რომელმაც არ იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში, წერდა იმის შესახებ, რისიც, დიდი ალბათობით, არც თვითონ გაეგებოდა რამე. მაგრამ ბიჭი წამით იმაზეც ჩაფიქრდა, რომ ასეთი წიგნაკები სწორეს ამისთვისაა შექმნილი. დღიური არის ადამიანის ფიქრების სკივრი, რომელშიც შეგვიძლია შევინახოთ ჩვენი ყველაზე დიდი, ძვირფასი, სამარცხვინო, სევდიანი თუ ბედნიერი მოგონებები ან უბრალოდ ის აზრები, რომლებიც გარკვეულ დროს და გარკვეული დანიშნულებით მოგვდის ხოლმე თავში. ჩანიოლისთვის, როგორც ოცდაექვსი წლის მწერლისთვის, არ იყო ამაზე დაფიქრება ძალზე რთული, რადგან მსგავსი ფილოსოფიური აზრები თვითონაც ხშირად აწუხებდა და ამას თითქმის არც არასოდეს მალავდა. და თუ ასეა, თუ ჩანიოლს, როგორც მწერალს, შეეძლო გაეთავისებინა და გაეაზრებინა ყველანაირი სენტიმენტალური ვითარება, რომლებიც ადამიანს ყოველდღე გარს ევლება და თავბრუს ახვევს, რატომ გახდა მისთვის ასეთი რთული ამ სრულიად უცნობი ადამიანის აზრებში ჩაღწევა და მათ მიღმა ნამდვილი არსის დანახვა? სწორედ ამ კითხვებმა გადაავიწყა მწერალს ის მიზეზი, რომლითაც რამდენიმე საათის წინ მოკალათდა ამ რბილ სავარძელში და ბექჰიონის დღიურის წაკითხვა დაიწყო. მისთვის სრულიად გაუჩინარდა ის გრძნობა, რომელიც კარნახობდა, რომ არასწორი იყო ვიღაც უცნობის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. ცნობისმოყვარეობამ და ერთგვარმა სიხარბემ იმარჯვა მასზე. უფრო მეტის გაგების სურვილის დახშობა ვეღარ შეძლო საკუთარი გულის უღრმეს ადგილში და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ჩანაწერები თავიდან ბოლომდე წაეკითხა.

Stranger's DiaryWhere stories live. Discover now