15

1K 104 38
                                    


1.07.2018

ზაფხულის თბილი ჰაერი შევისუნთქე, როცა შენობიდან გამოვედი და ნაცნობ ადგილას დავდგი ფეხი. ქუჩაზე არაფერი იყო შეცვლილი, ძველებურად ლურჯი 37 ნომერი ავტობუსი ხალხით ივსებოდა, რომლებიც სახლისკენ მიისწრაფვოდნენ. ვისაც შედარებით ბევრი ბარგი ჰქონდა, ტაქსებს აჩერებდა და დაღლილი სახით სხდებოდნენ მანქანებში. სახე მოვიჩრდილე, რომ გზაზე არავის დავჯახებოდი და ერთ-ერთ ტაქსში ჩავჯექი. გზა მშვიდი იყო, ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო იმისთვის, რომ ბევრი ხალხი ან მანქანა დაგენახათ. ყველაფერი ახლა იღვიძებდა.

უნდა გენახათ, რა სხვანაირი იყო დილით თბილისი. არ ვიცი ამდენხნიანი განშორების შემდეგ მეჩვენებოდა ყველაფერი ასე, თუ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს უფრო ახალი იყო, უფრო მშვიდი, უფრო ნათელი. ადამიანების გარეშე ბუნება სხვანაირად გამოიყურებოდა, თითქოს უფრო მეტი ხალისით ეგებებოდა ახალ დღეს, ახალ იმედებსა და ახალ ისტორიებს.

ვაკვირდებოდი თითოეულ შენობას და რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით სახლს, უფრო მეტად ნაცნობ ქუჩებს, უფრო მეტი მახსენდებოდა. მოგონებები ერთიანად ტრიალებნენ თავში. როცა ტაქსისტმა მანქანა ნაცნობი სადარბაზოს წინ გააჩერა და მალევე წავიდა, წამით ადგილიდან არ ვიძვროდი. ერთი დეტალიც კი არ შეცვლილა, ყველაფერი ისე დამხვდა, როგორიც დავტოვე. უცნაურმა გრძნობამ დამიარა სხეულში, რომელიც სევდითა და დიდი ემოციით იყო სავსე. წამით მონატრების ტალღამ გადამირბინა და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეტირა.

სულ რაღაც ერთი დღის წინ სეულში ვიყავი. მშვიდად მივირთმევდი უგემრიელეს კიმბაფს და ქუჩებს ვაკვირდებოდი, მაგრამ ახლა აქ ვარ. ზაფხული არ დამთავრებულა, მეც არსად გავმქრალვარ, მაგრამ ჩემს წინ ახლა სულ სხვა შენობა დგას, სულ სხვა ქვეყანაში, სულ სხვა ქალაქში და სულ სხვა ისტორიით. იმას, რასაც ასე შევეჩვიე, რაც ასე ჩემეული გავხადე და დავრწმუნდი, რომ იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, წარსულს მივაბარე. წარსულის ფურცლებთან ერთად შემოვდე თაროზე და მტკივნეულ მოგონებებსა და უბედნიერეს წუთებს შორის ჩავდე.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now