ზამთარი

72 4 0
                                    

2.

სასტუმროს ნომრის უზარმაზარ საწოლზე ლილი წევს ვარსკვლავის პოზაში.ჩაფიქრებულია,ქურთუკიც არ გაუხდია ისე გაიშხლართა ლოგინზე ოთახში შემოსვლისთანავე.უნდოდა მისი ძმებისთვის დაესწრო და ყველაზე დიდი საძინებელი მას დაეკავებინა მშობლების შემდეგ.

უცბად კარი გაიღო და გოგონას მყუდროებაც წამებში დაირღვა.ნიკა და პატარა ილია ისეთი ხმაურით შემოვიდნენ შიგნით,წითურს ყველა ფიქრი გაეფანტა.როგორც აღმოჩნდა,უმცროსი დედმამისშვილი შუათანას მასთან ერთად ცოტა ხნით თამაშს ეხვეწებოდა.ორი ტელეფონი ჰქონდა მომარჯვებული და ძმას ეუბნებოდა მხოლოდ ერთი ხელი და შეგეშვები,უკვე ყველა შემოსულია ნუ მაგვიანებო.

ლილიმ წარბები შეკრა და ფეხზე წამოდგა.მისმა ძმებმა განმარტოება არ დააცადეს.წოლას და ჭერში ისე ყურებას,თითქოს რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობდა,აზრი აღარ ჰქონდა.კონცენტრაცია დაკარგა და მორჩა.

ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა აივნის კარს,ფარდები გადასწია,სახელურს ჩაავლო ხელი და კარი გამოაღო.მაშინვე ცივი ჰაერი იგრძნო სახეზე.თვალები მიყოლებით რამდენიმეჯერ დააფახულა და მარჯვენადან ცრემლიც კი ჩამოუგორდა.

გარეთ გავიდა.მის წინ გადაშლილი ხედი თითქოს აჯადოებდა გოგოს.ისიც კი ვერ შენიშნა დაბალი ტემპერატურის გამო,რა მალე აუკანკალდა ნიკაპი.ფერდობებზე დადებული ქათქათა თოვლის ცქერით ტკბებოდა.

საღამო იყო გუდაურის გზას რომ დაადგნენ,ამიტომ იფიქრა ხვალამდე აქაურობის დათვალიერებას ვერ შევძლებო.მაგრამ,მთვარე ისე ანათებდა არე-მარეს,ლილის თავში გაუელვა,ნეტავ დღის სინათლეზე ამაზე ლამაზი რაღა უნდა ვნახოვო.

მართალია დაბლა,სასტუმროს ეზოში ავტომობილების მუდმივი მიმოსვლის გამო საშინელი თოვლ-ჭყაპი იყო და ყველაფერი ტალახს მოესვარა,მაგრამ ზუსტად მისი ოთახის ფანჯრიდან ის ადგილები ჩანდა სადაც უხვი ნალექის შემდეგ ადამიანს ჯერაც არ დაუდგამს ფეხი.თოვლის სქელ ფენას ვერცხლისფერი შუქი ეცემოდა და აქა-იქ ისე ბრჭყვიალებდა,როგორც ძვირფასი პატარა კრისტალები.

ოთხი სეზონი Where stories live. Discover now