გაიცანი, მოლუსკი!

544 128 6
                                    

2050

_____

ოთახში შესვლის შემდეგ ბასტმა ზურგჩანთა მოიხსნა და კედელთან ააყუდა. ქვო მართალი იყო, აქ უფრო თბილოდა, ვიდრე მისაღებში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მან გაშლილ საწოლს გადახედა და წარმოიდგინა, როგორ დაენარცხებოდა ზედ, ხელ-ფეხს გაშლიდა და თვალების დახუჭვისთანავე ჩაეძინებოდა ფუმფულა ბალიშზე. მაგრამ იქამდე, ჯერ უნდა დაებანა.

სააბაზანო სულ შავ ფილებში იყო გაწყობილი. ბასტი პირველად ხედავდა ასეთ ლამაზ სააბაზანოს. კარში გაშეშებული დიდხანს იყურებოდა აქეთ-იქით, ეგონა, თვალი ატყუებდა და მალე მიხვდებოდა, რომ იქაურობა ასეთი კოხტა სულაც არ იყო. ბოლოს გაბედა და შიგნით შევიდა. კარის მარცხნივ, კედელთან შავი აბაზანა იდგა, რომლის ბოლოში ნიჟარა და დიდი სარკე იყო, იქვე უნიტაზი, აბაზანის მოპირდაპირე კედელი კი მთლიანად სარკის იყო, რაც ოთახის სიდიდის ილუზიას ქმნიდა. განათება ნათელი იყო, სარკეში ცხადად იყო შესაძლებელი ყოველი თმის ღერის დანახვა პირის პარსვის დროს. „იდეალური". ზუსტად ეს სიტყვა შეეფერებოდა გარემოს. ბასტი დაინტერესდა, სხვა ოთახებიც ასეთი კომფორტული იყო თუ მხოლოდ მას გაუმართლა ასე ძალიან. თუმცა ამ უკანასკნელში ეჭვი ეპარებოდა.

აბაზანაში ჩაწოლა უნდოდა, მაგრამ საამისოდ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ შხაპის მიღება გადაწყვიტა. ოთახში ყველაფერი იყო, რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა: აბანოს ხალათი, პირსახოცები, თმის მოვლის მცენარეული საშუალებები, საპნები, ახალი საპარსები, გაუხსნელი სახეხი და კბილის ჯაგრისიც კი დაინახა თაროზე. გაოცების ნიშნად წარბები აზიდა. არც კი სმენოდა ასეთი საგუშაგოს შესახებ. როგორც წესი, საგუშაგოები უბრალოდ შეფიცრული ქოხები იყო იმისთვის, რომ მოლაშქრეს მშრალად გაეტარებინა ღამე და ადამიანურად დაეძინა რბილ მატრასზე. ბასტი მიჩვეული იყო კარავში, მიწაზე ძილს, მაგრამ არც ასეთ კომფორტზე იტყოდა უარს. დარწმუნებული იყო, რომ ამ სახლში რაღაც უჩვეულო ხდებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ეზარებოდა ამაზე ფიქრი.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეМесто, где живут истории. Откройте их для себя