კავშირის დასაწყისი (2)

309 79 0
                                    

2210

_________

ბასტი თავიდან ეხუმრებოდა და აქეზებდა, მაგრამ როცა საძინებელში შევიდნენ და საბნის ქვეშ შეძვრნენ, მიხვდა, რომ სინამდვილეში მართლა სციოდა. ქვოს ისევ არ ეცვა მაისური, სასიამოვნო იყო მის შიშველ მკერდზე შეხება. ყოველ ჯერზე, როცა მასპინძელი შემთხვევით თუ გამიზნულად ეკვროდა შავთმიანს, ბასტს მთელ სხეულში ცხელი ჟრუანტელი უვლიდა. კანი საოცრად თხელი იყო, ნაზი და ხავერდოვანი, ვერ ძღებოდა ამდენ ხანს აკრძალული კონტაქტით. ყოველთვის ეგონა, რომ მსგავს სიტუაციაში თავის შეკავებას ვერ შეძლებდა, თავს დაკარგავდა სურვილისგან, მაგრამ იმდენად დაუჯერებელი იყო მასთან ყოფნა, სურდა, რომ ჯერ საკმარისად შეხებოდა მამაკაცს, ნიადაგი მოესინჯა საკუთარი და მისი გამძლეობისთვის, გაეაზრებინა, რომ ქვოსგან მისი სიყვარულის ნებართვა ჰქონდა.

ქვოს ოთახში იყვნენ. ბასტის გარშემო უამრავ უცნაურ ნივთს მოეყარა თავი. უთვალავჯერ შემოსულა აქ, პატრონის ნებათვით თუ მის გარეშეც შემოპარულა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. წარმოუდგენლად იზიდავდა აქაურობა. ეგონა, ქვო ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ თავისივე სურნელი ყოველთვის გასცემდა ხოლმე. თანაც, ამ სურნელზე ქვო გაწვრთნილი ძაღლივით იყო დაგეშილი, ზვიგენივით ხდებოდა, რომლის მგრძნობიარე ნესტოებს წვეთი სისხლიც კი არ ეპარებოდა ოკეანეში.

ბასტი თითქოს მილიონ მზერას გრძნობდა თავის გარშემო, თითქოს ქვოს ძველი, ტყავისყდიანი და ფურცლებგათხელებული წიგნებიდან გადაშენებული ცხოველების თუ ფერულიანთა წინაპრების სახეები უცქერდნენ. მათ გარშემო გამხმარი ბალახების სურნელი იდგა, ერთმანეთში იყო არეული თავშავას მძაფრი, მრავალძარღვას მწარე, როზმარინის გამაღიზიანებელი სურნელი, თავდაცობილი ბოთლებიდან მაინც გამოპარულიყო მათი არომატი, რის გამოც ბასტს დროში გადასვლის შეგრძნება გაუჩნდა. აქამდე არასდროს დაძაბულა სხვადასხვა მცენარით სავსე ქილების, კოლბებისა და მათი სითხეებით სავსე სინჯარების დანახვაზე. ქვო სამკურნალო და შხამიან მცენარეებს აგროვებდა, სწავლობდა, მათ თვისებებს ადგენდა და იკვლევდა, როგორ ზემოქმედებდა ეს მცენარეები ორგამიზმზე. ფერიულების ორგანიზმს ერთნაირი რეაქცია არ ჰქონდა არც სამკურნალო და არც შხამიან მცენარეებზე, ერთ ბალახს შეიძლებოდა ფერულიანისთვის ძილი მოეგვარა, ფერიულთა სხვა ოჯახის წარმომადგენელი კი ენერგიით დაემუხტა. ქვო ცდილობდა დაედგინა, რომელი მცენარით შეიძლებოდა ჭრილობა მოეშუშებინა, დაეძინებინა, ტკივილი გაეყუჩებინა, კარგ ხასიათზე მოეყვანა თუ აღეგზნო ელფები, ტყის გნომები, ფორმაცვლადები თუ დემონები. ბასტმა გაიფიქრა, რომ სწორედ ამის გამო ღელავდა ასე, ოთახში შეგროვებული მცენარეები დემონს აფორიაქებდა და მსუბუქ შფოთვაში ითრევდა მაშინ, როცა ქვო მთლიანად მოდუნებული და დამშვიდებული ჩანდა.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now