კავშირის დასაწყისი (5)

929 88 41
                                    

8005

_______

ბასტი ოთახში ისე შეუძღვა, თითქოს თავად იყო სტუმარი და თავის სამფლობელოში მასპინძლობდა. ალბათ ასეც იყო, რადგან ქვო ამ ოთახში მეორედ თუ დგამდა ფეხს. შესვლისთანავე თვალი მოსჭრა თბილმა ნათებამ. ბასტის აღელვებული, მოლოდნით აღსავსე ლურჯი თვალების მიღმა ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა და დიდ კედლებზე შანდლებში უხვად გაბნეულმა სანთლებმა გამოანათა. ქვო დაბნეული გაჩერდა კარში და იქაურობას შეათვალიერა. არაფერი ეცნობოდა. თითქოს სხვაგან, სხვა სამყაროსა და სხვა დროში მოხვდა. თითქოს ეს კარი შესასვლელს აღებდა საუკუნეებით უკან დასაბრუნებლად.

ოთახი იმაზე პატარა იყო, ვიდრე ახსოვდა. სასტუმროს დანარჩენი ოთახებისგან განსხვავებით, საგრძნობლად დაბალი ჭერი და კვადრატული ფორმა ჰქონდა. მხოლოდ ერთ კედელზე, ორ ადგილას იყო პატარა ფანჯარა ამოჭრილი, რომელიც საგულდაგულოდ იყო დაკეტილი. ერთადერთი ნივთი, რომელიც ოთახს ავსებდა (ან მის სიცარიელეს უსვამდა ხაზს), ოთახის შუაგულში მოთავსებული ხის აბაზანა იყო. ერთი შეხედვით ძნელი იყო იმაში გარკვევა, როგორ მუშაობდა ამ ოთახის წყალმომარაგება, ან როგორ შეიძლებოდა ამ აბაზანის გამოყენება, თუმცა ბასტი ისეთი დარწმუნებული ჩანდა თავის ჩანაფიქრში, ქვოს ხმა აღარ ამოუღია.

წითელთმიანს ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა უწინ ეს ოთახი. იატაკში ჩაბუდებული მტვრითა და არსაიდან შემოყრილი გამხმარი ფოთლებით იყო სავსე, ჭერიდან კი სქელი და შავი აბლაბუდეები ეშვებოდა. ახლა კი ხის იატაკი თითქოს ცეცხლის შუქს ირეკლავდა და იმდენად სუფთა იყო, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უკან ჭუჭყიან ნაკვალევს ტოვებდა.

- ვაღიარებ, - მოულოდნელად ღიმილით შეტრიალდა ბასტი მისკენ და მოყოლა დაიწყო, - როდესაც აქაურობის დასუფთავება დავიწყე, ლამის პირველივე წუთებში დავნებდი, - ქვო შეცბა მის სახეზე ათამაშებული ცეცხლის ჩრდილებისგან, - მეგონა, დროში ვერ ჩავეტეოდი და ვერ მოგისწრებდი.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now