კავშირის დასაწყისი (2)

Start from the beginning
                                    

ბასტმა მთელი სიცხადით გაიაზრა, რომ სინამდვილეში მსგავსი შფოთვის მიზეზი არ ჰქონდა. ყველაფერი მცენარეების გამო ხდებოდა, ამიტომაც საბანი ასწია და თავზე გადაიფარა. გაყინულ ლოყებზე იგრძნო, როგორ ცხელოდა ქვოს სხეულთან ასე ახლოს ყოფნის გამო. ძალიან მოუნდა, ლოყით ჩაჰკვროდა მის ფართო მკერდს, ხელები შემოეხვია წელის გარშემო და სისხლის ადუღებამდე შეეგრძო მისი სიმხურვალე. იცოდა, რომ მხოლოდ ასე დამშვიდდებოდა. ქვოს არ სჭირდებოდა თავისი ძალების გამოყენება იმისთვის, რომ ბასტი დაემშვიდებინა, ახლაგაზრდა დემონისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ შეხებოდა მას, მისი მკლავები ეგრძნო გარშემო და წამში სამყაროც ქრებოდა. ვეღარც იმას აღიქვამდა, რა ხდებოდა ამ მკლავებს გარეთ და ვერც იმას, რა ხდებოდა საკუთარ თავში.

- ჩამოდი შენც, - ქვოს ყრუდ მოესმა საბნის ქვეშ შემძვრალი დემონის დუდღუნი.

გაეცინა. ხელებით ბრმად მოძებნა ახალგაზრდა კაცის სახე და მტკივნეულად მოუჭირა ლოყაზე თითები. ბასტმა ინსტინქტურად გაიწია უკან, ხელებს დაუსხლტა და საბანი გადაიხადა. ქვოს სუნთქვა შეეკრა, როცა სიბნელიდან მისმა ლურჯმა თვალებმა გამოანათა. დაუფიქრებლად გადაიფარა საბანი თავზე და გაუთანაბრდა.

- გული მიჩქარდება, როცა ასეთი თვალებით მიყურებ, - ქვომ საკუთარ გულზე დაიდო ხელი. ჩიტივით სწრაფად უცემდა. ადამიანი რომ ყოფილიყო, ორგანიზმი გულისცემის ასეთ სწრაფ ინტერვალს ვერ გაუძლებდა.

- მარტო მაშინ? - ბასტმა თვალები მოჭუტა. გაეცინა, როცა ქვომ ხაფანგში გამოჭერილი მელიას სახე მიიღო და მოჩვენებითად დასერიოზულებულმა დაიწყო ფიქრი, - მე შენთან ლაპარაკის დროსაც კი ასე მიცემს გული.

- შენ გული ყოველთვის ასე გიცემს, რადგან დემონი ხარ, - ლოყაზე გაეხახუნა ცხვირის წვერით. აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ბასტის ტანსაცმეული უხეშად ეხებოდა კანზე. ძალიან მოუნდა, შავთმიანი ახლაც ისევე შიშველი ყოფილიყო, როგორც მაშინ, ტბიდან წამოყვანისას.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now