კავშირის დასაწყისი (5)

Start from the beginning
                                    

- დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი მუშაობს? - ქვომ მის ზურგს უკან გააპარა თვალი, ოთახი მოათვალიერა, თუმცა ვერც ამჯერად იპოვნა მიმალული მოწყობილობები, რომლითაც აბაზანაში წყალი ჩავიდოდა. იმედი ჰქონდა, რომ ბასტი მართლა ძველებურად, ვედროებით არ აპირებდა მის ავსებას, - ან საერთოდ, რამე მუშაობს აქ?

- რა თქმა უნდა, - მან თავდაჯერებით გაუღიმა, - წამოდი, ყველაფერს აგიხსნი.

შავთმიანი სწრაფი ნაბიჯით მოსცილდა და თამამად მიუახლოვდა ბუხარს. ქვო ყოყმანით გაჰყვა უკან.

- აქ, - მან ხელი ბუხრის თავზე კედელს მიადო, - საკვამურის გარშემო წყლის ავზია, რომელიც ცხელი წყლითაა სავსე. აქ კი, ამ ხაზის გაყოლებაზე, - ბასტმა ხელი ჭერისკენ ასწია და ხის ფიცრებს შეეხო. ისე თავისუფლად მისწვდა თითებით, ქვოს უნებურად გაეღიმა, - მილები გადის და ცხელი წყალი აბაზანისკენ მოემართება. შენ უბრალოდ უნდა ამოსწიო, აი, ეს ბერკეტი, - აბაზანისკენ დაიძრა და მის მეორე ბოლოში, კიდეზე ჩამაგრებული პატარა საკეტი გაამოძრავა, - და წყალი პირდაპირ ზემოდან ჩამოდის, - ამის თქმა და ჭერიდან წყლის წანწკარით დაშვება ერთი იყო, - თუ უფრო მეტად ამოსწევ, უფრო მეტი წყალი წამოვა. აბა, რას იტყვი? ძალიან მარტივი და მოსახერხებელი მექანიზმია, თანაც, - მან აღფრთოვანებით მოათვალიერა იქაურობა, - ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.

- ხო, გეტყობა, - ქვო აბაზანასთან მივიდა და მის მოპირდაპირედ დადგა. ვერაფერს იტყოდა. აქაურობამ მართლაც გადააჭარბა მის მოლოდინს, ბასტის მონდომებამაც არანაკლებ გააოცა. ქვომ ინტერესით ჩაიხედა ნახევრად ავსებულ აბაზანაში, რომელსაც თითქმის შეუმჩნევლად ასდიოდა ორთქლი.

- ახლა წყალი გასინჯე და თუ ტემპერატურა ნორმალურია, ტანსაცმელი გაიხადე, - ბასტმა ეშმაკური ღიმილით წარმოთქვა და მაცდური მზერით მიაჩერდა მის დასვრილ გულ-მკერდს, რომელიც მოღეღილი მაისურიდან მოუჩანდა.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now