10

1.6K 177 0
                                    

2018


______

ერეკლეს ღამის 10 საათზე გაეღვიძა. რამდენიმე საათის გაუნძრევლად ძილისგან წელი სტკიოდა, ამიტომ გაჭირვებით გადაბრუნდა გვერდით და ამოიხვნეშა. თხელი ზეწარი იგრძნო მის ზემოდან. კარგად ახსოვდა, რომ ჩაძინებისას არაფერი ეფარა. თვალები რომ გაახილა, ოთახში ბნელოდა, მაგრამ მიხვდა, რომ მარტო იყო.

ბიჭი საწოლში წამოჯდა და დაამთქნარა. ანრის არ დაუძინია მის გვერდით, წუხელაც ღამეთანევი იყო და ერეკლეს აკვირვებდა მისი გამძლეობა. თვითონ, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა. ის იყო, ბიჭმა საწოლის გვერდით კარადაზე მდგარი სანათი აანთო, რომ საძინებლის კარი გაიღო და ანრი შემოვიდა. გაღვიძებულ ერეკლეს დანახვაზე ანრის სახეზე ღიმილმა გაანათა, ლამაზად აეპრიხა მისი ტუჩის კუთხეები და თვალები აუელვარდა.

- სად იყავი? - ძილისაგან დაბოხებული ხმით ჰკითხა ერეკლემ.

- სამზარეულოში. სანამ შენ გეძინა, მე საჭმელი გავაკეთე, - ღიმილით მიუახლოვდა ანრი და საწოლში წამომჯდარ ბიჭს ტუჩებში ხმაურით აკოცა. ერეკლემ უხერხულად ჩაიცინა კოცნის დროს ამ ხმაზე. ეს ბგერები ერთდროულად აღიზიანებდა და აღაგზნებდა კიდევ.

- რატომ არ დაიძინე შენ?

ანრიმ მხრები აიჩეჩა და მოხერხებულად გადააქცია ბიჭი საწოლზე. ერეკლემ სიამოვნებისგან დაიკრუტუნა, როდესაც ასატანი სიმძიმე დააწვა ზემოდან.

- ახლა ვაპირებდი, მაგრამ შენ გაიღვიძე, - მამაკაცმა ცხვირის წვერი გააყოლა მის ლოყას და იქვე აკოცა.

- დაწექი, ჯერ არ უნდა ავდგე.

ანრი ზანტად გადაგორდა მის გვერდით და ზურგზე გადაწვა. რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალებდახუჭული იწვა და მძიმედ სუნთქავდა. გრძნობდა, როგორ აკვირდებოდა ბიჭი. დარწმუნებული იყო, ერეკლე ხვდებოდა, რაღაც რომ აწუხებდა, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა და ამის გამო მისი მადლიერი იყო. არ იცოდა, რას უპასუხებდა ერეკლეს, თუკი ჰკითხავდა, რა აწუხებდა ასე ძალიან.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now