როდესაც მანქანა წავიდა, ერეკლე სწრაფად შევარდა სახლში, სიცხეს რომ დამალვოდა. მან არ იცოდა,  წავიდოდა თუ არა ანრის სახლში. ეს ალბათ ანრიზე იყო დამოკიდებული. არ უნდოდა მამაკაცს ზედმეტად მოხვედროდა თვალებში, ისედაც კარგად ხვდებოდა, რომ ძალიან ცდილობდა მასთან თავის ისე დაჭერას, თითქოს საერთოდ არ აღელვებდა, ეს კი სულ მალე სასაცილო და შესამჩნევი გახდებოდა.


* * *

ოხ, ეს ბიჭი. ანრი ღიმილის ვერ იკავებდა მისი შეშინებული თვალებისა და დამფრთხალი გამოხედვის გახსენებაზე. ძალიან სასაცილო და გულუბრყვილო იყო. როგორ მარტივად დაიჯერა მკვლელობაზე გადაკრული ნათქვამი. ვერ უძლებდა ცდუნებას, რომ კვლავ ენახა მისი აწითლებული ლოყები. მაინც, რა საყვარლად აფახულებდა თვალებს, როცა მასთან ახლოს მიდიოდა, ან უმნიშვნელო კომპლიმენტს ეუბნებოდა. გრძნობდა, რომ წინ საინტერესო ზაფხული ელოდა. ამ სოფელში დასვენებას თუ ვერა, გულის გადაყოლებას და გართობას მაინც მოახერხებდა.

არადა, თავიდან ვერ კი წარმოიდგენდა, რომ შეცბუნებული ბიჭის დანახვა და მის სახეზე თითქმის გამჭვირვალე ჭორფლების შემჩნევა ასე აუჩქარებდა გულს. სათვალე მართლა შემთხვევით გაუტეხა. შემდეგ კი, მის შეთავაზებაზე ერეკლეს რეაქციამ ძალიან გაამხიარულა. კარგად ხვდებოდა, როგორ იბნეოდა მასთან ბიჭი და როგორ ზემოქმედებდა მასზე. ბიჭს რომ სცოდნოდა, რა მარტივი იყო მისთვის ადამიანის ემოციების წაკითხვა და მათით მანიპულაცია, ალბათ ახლავე დაყრიდა ფარ-ხმალს და აღარ შეეცდებოდა თავის ისე დაჭერას, თითქოს მასთან ჩვეულებრივი მეგობრობა სურდა. ერეკლეს რომ სცოდნოდა, ანრი ვინ იყო, ალბათ ახლოს აღარ გაეკარებოდა და არც სახლში ესტუმრებოდა რამდენიმე დღეში.




* * *

ერეკლემ კვლავ ნახა ანრი იმ საღამოს, ხევში. არ ელოდა, რომ დღის განმავლობაში კვლავ შეხვდებოდა მამაკაცს და გაკვირვებული დარჩა. ანრიც სასიამოვნოდ გაოცებული გამოიყურებოდა. ერეკლე მეგობართან ერთად იყო, ოთოსთან, რომელსაც ანრი ერთხელ უკვე გამოელაპარაკა, ამიტომაც უყოყმანოდ მიცურდა ტირიფების ქვეშ მოტივტივე ბიჭებისკენ.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now