სანამ წაგვლეკავდა წყალი

10 0 0
                                    

აბსოლიტური სიჩუმეა და მე გული საშინლად ჩქარა მიცემს. ესე იგი ცოცხალი ვარ. ამაზე გული ამიჩუყდა და ცრემლების სახეზე გადაგორება ვიგრძენი. გამოდის, რომ მართლა ცოცხალი ვარ. სიჩუმე ჩემი ხმამაღალი მოთქმით დავარღვიე, რომ სიცოცხლე კიდევ უფრო მეგრძნო. კი, მოვთქვავ და არავინ მეხმიანება. ესე იგი მარტო ვარ. 

- ო, ღმერთო, რატომ, რატომ, რატომ, რატოოოოოოომ!

სინამდვილეში ვიცი რატომაც. ბუნება ცვლადია, ბობოქარი და მარწუხებით დიდხანს ვერ გააკავებ. ის შენს კონტროლს ვერც გრძნობს და მას არც ექვემდებარება. ყველაფერი ბუნების კანონზომიერებას ემორჩილება. გაგათბობს, დაგლეწავს, შეგიკედლებს, წაგლეკავს ...

თავის აწევის მეშინია. მეშინია რას დავინახავ. მთელი ვარ? სამყარო? მთელია? ისევ ვტრიალებთ მზის გარშემო? ჩემი ქმარ-შვილი? ვსლუკუნებ და ყველაფერი ორმაგად მტკივნეულია, როცა იცი რომ შენი სლუკუნი სამყაროს მაგრა კიდია. არავინ გხედავს, არავინ გაშუქებს, არავინ წერს წიგნს შენზე, როგორ იტანჯე და რა სირთულეები გამოიარე. ფეისბუქზეც არ დაგპოსტავენ. მარტო ხარ. ეს ჩიტმა გადაიფრინა? 

***

აღარ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ რომ გამოვიღვიძე, ისევ ისე ვიწექი გაუნძრევლად და მზე მაჭერდა. გამომშრალ სახის კანში შეწეპებული თმები და ჭუჭყი მაწუხებდა. ახლა დროა ავდგე, თორემ ასე შევაჭკნები ამ მიწას. გამახსენდა ჩემს ქმარს ქარვის ჯვარს რომ ვყიდულობდი. მასშიც ჩარჩენილი არსებები ჩანდნენ. გამყიდველი კი ამ ქარვის ღირებულებას და წარმომავლობას მიხსნიდა.

დღეს ვგრძნობ, რომ სულიერი ტკივილისაგან გადამრეცხა ამ წყალდიდობამ. როგორ? დარდს მაშინ აქვთ აზრი, როცა ჩვენ ვარსებობთ, როცა იცი, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და დაძაბული ელი, რა მოხდება. ახლა ყველა მოლოდინი განულებულია.ჩვენ ჩვენს გრძნობებს ვახდენდით იმას, რაც იყო. ვდარდობდით, როცა ჩვენი წარმოსახული სამყარო ირყეოდა და განიცდიდა ცვლილებას, რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც გვინდოდა. ახლა? ახლა ალბათ ყველაფერი წალეკილია. მახსოვს, როგორ შემეხუთა სული, სანამ ის უზარმაზარი ტალღა გადაგვრეცხავდა. თითქოს არ ჩქარობდა, ლამაზად მოექანებოდა ჩვენსკენ. მახსოვს როგორ ვიგრძენი თავი უძლურად. პირველად ცხოვრებაში მივხვდი, რომ არსებობს სიტუაცია, როცა ქმედებაც და უმოქმედობაც აზრს კარგავს. მახსოვს, რომ კობა ბავშვებისაკენ გაქანდა. მე კი ვიდექი და ვხედავდი ჩვენსკენ მომავალ იმ წამს, რომელიც ჩვენს ყოფას, ყველაფერს რაც კი აქამდე გვქონდა, სამუდამოდ წერტილს უსვამდა.

ჰოდა, რა ვიდარდო? ან ვინ მითანაგრძნობს? ვის ვუამბო, როგორ მიყვარდა ქმარი და როგორ გვინდოდა ერთად რაღაც შეგვექმნა; როგორ დავდიოდით ჩვენს შვილებთან ერთად ჩვენი დაღუპული მშობლების საფლავების მოსანახულებლად; როგორ მიყვარდა ჩემი მარი და ლუკა, იმიტომ რომ მათ ჩემი სითბო სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ. ახლა აღარაფერი დარჩა და ჩემი ის გრძნობებიც იმ წყალწაღებულ სამყაროს გაყვა. 

როგორ გადავრჩი? მადლიერების ცრემლები წამსკდა.

სანამ წაგვლეკავდა წყალიWhere stories live. Discover now