ეთერის სიკვდილი

Start from the beginning
                                    

- დაგინახე! სტუქ, სტუქ, დაგასტუკე!

არასდროს არ მიყვარდა დახუჭობანას თამაში. რა აზრი ქონდა იმის ძებნას, რაც უკვე სადღაც არსებობდა იცოდი. ჩემი და კი სულ ამის თამაშს მთხოვდა.  

- მოდი რა, დახუჭობანა ვითამაშოთ?

კითხვისას ლოყები შეუწითლდებოდა, თითქოს რაღაც დაუშვებელს ჩადიოდა, ისეთს, როგორებიც იყო ჩვენი ბებიას არ-შეიძლება-სიაზე. საშინლად უხაროდა, რომ ვეძებდი და ვპოულობდი ძველი, უფერმკრთალო მწვანე დივნის გვერდით, როდესღაც თეთრად გადაღებილი კარის უკან, ბებიას მოვლილ ვაშლის ხეზე.

ეხლა მეჩვენება, რომ სიმართლეც ჩემი დასავით ეძებს მის აღმომჩენელს, და მის გმირს. რაღაც მაშინებს. და როგორია მაინც სიმართლე? თავზარს მცემს მის რძისფერ შიშველ ტანზე შავი ზეწრის ახდის. ღირდა თუ არ ღირდა დახუჭობანას თამაში?

პანაშვიდების დამსწრეები მეკობრეებივით არ უკრთოდნენ თითქოს არაფერს. მათ უნდოდათ პასუხი, ამოცნობა, ისტორია, ამბავი, რომელზეც ათას ახალ გამოთქმებს, ამბებს, ანდაზებს და ზღაპრებს შეთხზავდნენ. ყველას უნდოდა გამოეცნო რა იყო ეთერის თვითმკვლელობის მიზეზი. დიდხანზე დიდხანს იჯდნენ, იდგნენ, ფიქრობდნენ. ჩვენგან რომ ბევრს ვერაფერს იგებდნენ, ეთერის სხეულზე ცდილობდნენ საიდუმლოს ამოკითხვას. აკვირდებოდნენ ხელებზე, სახეზე, მკერდზე, და განსაკუთრებით მუცელზე. თითქოს ყველა საიდუმლო ყოველთვის იქ იბუდებს. სასოწარკვეთილი ყოველი ჩრდილის, თავსაბურავის, ზეწარის ქვემოთ იყურებოდნენ. იქნებ საიდუმლო აქ შეგორდა? ამ ღრიჭოში? ამ ბზარში? ამ სიტყვაში? ამ გამოხედვაში? სიკვდილი, უფრო სწორედ წარმოდგენა, რომ ის შეიძლება ნებისმიერს ეწვიოს, ყოველთვის აძრწუნებდა ხალხს, მაგრამ განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა სწორედ ეს შეუცნობელი. პანაშვიდები იქცა წარმოდგენად, სადაც გასაიდუმლოებული სიმართლე იყო ედუარდ მანეტის შიშველი და თავმომწონე ოლიმპიასავით გაწოლილი.

დაკრძალვის დღეს საშინელი ქარი ამოვარდა. ისე მიაქროლებდა ის ფოთლებს და ტოტებს, დაიჯერებდი, რომ მიწისგან ყველაფრის გატაცებას ცდილობდა. ისინი ბრძოლობდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ბუნების და ადამიანის შექმნილი? ქარმა თაფლისფერ კაბაში გამოწყობილ ეთერის გადაფარებული შავი თავსაბურავი წაგლიჯა და გვიფრიალებდა მაღლა ცაში. როგორც ტორეადორები უფრიალებენ დაჭრილ ხარს წითელ ნაჭერს. მაგრამ ბოლოს მიწამ იმარჯვა, მაინც ჩაქონდა თავის მომსუყებულ გვერდებში ეთერის მსუბუქი სხეული. აქეთ-იქედან ისმოდა ჩუმი კვნესა. ფოთლების შრიალი.

საფლავთან ძაან ახლოს ხესთან შიშისაგან თვალებდაჭყეტილ უცნობის სახეს მოვკარი თვალი. მას ხელი ქონდა თავის ლამაზ გოგოზე მოხვეული. თითქოს შიშობდა ის ქარს არ გაეტაცა ან მიწასთან არ დაეწერა ჯვარი. დედის დიდი შავი თვალები ფერმკრთალ თეთრ კანზე ლაპლაპებდა და დუღდა. უცებ მათში დავიკარგე. იქნებ ეს ქალი იყო ეთერის,  ჩვენი თვალით მიუწვდომელი სამყაროდან მგლოვიარე ნამდვილი დედა? ხომ შეიძლება არაფერი ვიცით, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ვხედავთ.

სანამ წაგვლეკავდა წყალიWhere stories live. Discover now