ასე ამბობენ, ნათელია მისი გული, ვისაც ფეხი ჭიანჭველაზეც არ დაუდგამს და ხელიც კი არ აუფრიალებია მოზუზუნე ფუტკრისთვისო.
იმასაც ამბობენ, ცოდვილი სული განდევნილ იქნას და სამოთხე ჩვენ, წმინდანებს დაგვიტოვეთო.
გზად რომ გაივლი, ამასაც გაიგონებ, - საბრალო, რას სჩადის, არც ადათი ახსოვს და აღარც ღმერთიო.
სიკვდილი კი აშინებთ, მაგრამ უკვდავებას არავინ შეჰნატრის. კაცს რომ თავში პირველი აზრი გაუჩნდა, უთუოდ ეს იყო, - აჰა და, რომ მოვკვდები, სამოთხის კარი ჩემთვის გაიხსნებაო.
ქვესკნელსა და ზესკნელს შუა მყოფთ, არაფერი აფრთხობთ უსასრულო ცეცხლის გარდა, მაგრამ რომ ჰკითხოთ, არც მაგის სჯერათ და არც იმაზე ფიქრით იღლიან თავს - რატომ? რისთვის? ვისგან? ვისთვის?
შეცდომა ყველას მოსვლიაო, მაგრამ წარბარბაცებულსა და კიდიდან გადასავარდნად გადაქანებულს რომ დაგინახავენ, ხელსაც მიგკრავენ და იმასაც მოგაძახებენ, - ასე იყო შენი საქმე, რომ შეცდი, საზღაურიც მიიღეო, - მერე გაივლიან, გზად გვამს გადააბიჯებენ, სისხლის წუმპეში ჩაკრავენ ფეხს და მხრიდან იმ მტვერს მოიშორებენ, არც რომ ჰქონიათ.
ყველას გამორჩეული, ღვთით ბოძებული ბუნება აქვს; არც პირველი ჰგავს მეორეს და არც მეორე - მეოთხეს. მაგრამ შენ, მეხუთეს რომ თითს მოგიშვერენ და ღრჯოლებ გადმოყრილნი სიცილ-ხორხოცით გეტყვიან, - რას ლაყბობ აქ, შენისთანას ჩვენთან ხმა არ ამოეღებაო, - მოდი და, ნუ გაგიკვირდება, რამეთუ, რაც ხალხს არ უნდა, არც ღვთისაა და არც - შენი.
ცოდვილი კაცის ხსნა არ არისო, სატანას აბარებენ მის თავს; მერე წავლენ, ტაძარში ღმერთს შესთხოვენ საკუთარი სულის ხსნას და წმინდა საბურველს, როგორც ბინდს, ისე აფარებენ წაბილწულ და გაცვეთილ არსებას.
ESTÁS LEYENDO
Samsara
Historia Corta"never is a man wholly a saint or a sinner. This only seems so because we suffer the illusion that time is something real." - Hermann Hesse
