ცეცხლის ალის ფერი.
მწველი მზის ფერი.
ჩემი მზე იყო.
თავიდან მწვავდა კიდეც, მანადგურებდა...მე კი ვცდილობდი შეუიარაღებელი თვალებით მზისთვის შემეხედა. შემდეგ მივხვდი მისი სინათლე საშუალებას მაძლევდა ჩემი ბნელი ღამეებისთვის სინათლე მომეფინა. და მეც ძლივს ვისწავლე მისი სხივების არეკვლა და ჩემს ირგვლივ არსებული წყვდიადის განათება. ჩემი საკუთარი პატარა სინათლეები კი გვერდით ამომდგომოდნენ და ღამეს ერთად ვანიჭებდით ჯადოსნურობას. იგი სტაფილოსფერი ნათება იყო, რომელიც ყველაფერს მილამაზებდა, მაგრამ გათამამების შემთხვევაში ძალუძდა მაშინვე დავენახშირებინე. ვერც კი გავიაზრე ისე, მთვარე გავხდი.
მისი მთვარე.
ჩემს ნარინჯისფერ უნიჭო ღვთაებას ნამდვილად ჰქონდა მათემატიკის ნიჭი და მისი ცხოვრების სტილის შეუსაბამო საქმიანობით, ლექტორობით, დაკავებულიყო.
თავიდან არ მაძლევდა უფლებას მის ერთ ლექციას მაინც დავსწრებოდი.
ბოლოს ჩემი გავიტანე.
მივხვდი შავიც ერია მის სულს.
ერთხელ მითხრა ჩემს ოცნებებს მუდამ ვისრულებო.
დავიბენი.
ყველა ხომ მაგას ცდილობს?!
მაგრამ, არა, იგი ამას კი არ ცდილობდა, არამედ მუდამ ასრულებდა.
ამბობდა ცხოვრება იასამნისფერიაო.
მიზეზი დღემდე არ ვიცი, ალბათ ერთ დღეს გაიღვიძა და ასე გადაწყვიტა.
უცნაურად განსხვავებული იყო და ეს მიყვარდა ყველაზე მეტად მასში.
ერთ წამს შეეძლო ღმერთი ჰოფილიყო, არა მხოლოდ ჩემი, არამედ სრულიად გალაქტიკის, მეორე წამს კი ეშმაკი ხდებოდა.
პირველად უფერულ წვიმაში შევხვდით.
როგორც ყოველთვის წვიმის დროს გარეთ ვსეირნობდი, როდესაც ზღვისფერი თმა და ყვითელი სვიტრი მომხვდა თვალში.
