_

24 1 2
                                        

    სამრეკლოს სახურავზე ფეხებგადაჯვარედინებული ზის ეშმა, მობეზრებული ზანტად უსვამს ხელს ახალ ოქროს ჯვარს, ამ ეკლესიაში ბევრთაგან ერთ-ერთს, და გაჰყურებს ქალაქს, მოქუფრული ცის ქვეშ მომწყვდეულს.

ზარს საცაა დარეკავს ახალგაზრდა სტიქაროსანი, ბიჭი, რომელსაც წვერის პირველი ღერები სულ ახლა ამოსდის და ამბიონზე მამაოს რომ უახლოვდება, ერთიანად კანკალებს, მაგრამ ვერავის ეუბნება. საკმევლის სუნი ასდის მის კოშმარებს, უხეში ხელები აქვს ხანშიშესულ კაცს. 

მრევლი ეზოში იშლება. ლიტურგიის კეთილსულოვნების ნარჩენი ქალაქის ჟამიან ჰაერში გამოსვლასთან ერთად ნელ-ნელა იფანტება და გასვლისას ხატს რომ ეამბორებიან, მოხდილი მოვალეობის კმაყოფილებით გაუყვებიან გზას. გაგონილისგან მხოლოდ ის რჩება, რაც სხვის წინააღმდეგ გამოიყენება. 

და მაინც, თუმც ეკლესიის ოქრო უსაშველოდ მძიმეა და მის ბინადართა ხორციელი კმაყოფილება მეტისმეტად ძვირი, სადღაც ეზოში შესაწირი ყულაბა დგას. მრევლთაგან ბევრი მშიერი მოდის და სანუგეშოდ ლოცვებს ყლაპავს, რადგან, როგორც ამბობენ, ამქვეყნიური სატანჯველის საზღაური იმიერშია უთუოდ. ალბათ.

ეკლესიის კარიდან გადის ადამიანი, რომელიც დიდი ხნის წინ მოწყურებული დაეწაფა რწმენას, როგორც მანკიერებათა გამართლებას. მან მზერა დახარა, რათა არ დაენახა, პირი ლოცვითა და გვემით გამოიტენა, რათა ვერ ეთქვა, და ცვილით ამოივსო ყურები, რათა ვერ გაეგონა; ხელი კი, რომელიც სხვისთვის დასახმარებლად უნდა გაეწოდებინა, სადაც შეეძლო, მუშტად აქცია. 

ღმერთს იფიცება, როგორც ის, ისე ცუდი ათეისტი (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში), რათა საკუთარ ბუნებას მარტომ არ გაუსწოროს თვალი, შიგნეულობა გადაიხსნას და ჭეშმარიტებამ ჯოჯოხეთში არ გაუშვას. 

ქუჩაში დგას პოლიციელი და პოლიტიკოსი მთავრობაში. ორივე მათგანს ისეთივე ცარიელი თვალები აქვს, როგორც სატურნს, რომელიც საკუთარ ნაშიერს ჭამს და ხალხი დაბნეულია, რადგან მცველსა და მოძალადეს ერთი უნიფორმა აცვია, ერთი სახე აქვს და ერთნაირად ლაპარაკობს.

შენ იტაცებ ჩემს მიწას, სვამ ჩემს სისხლს და აბლაგვებ ჩემს სიტყვას.

ხელს ვიწვდენ მიწაში ჩამარხული, დანგრეული მანქანიდან და საზღვრისმიღმა მოქცეული სოფლიდან; ხელს გიწვდენ დატბორილი სახლიდან და მდინარეში გადაჩეხილი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ - ფილტვები წყლით მაქვს სავსე. 

ვცდილობ მოგწვდე, მაგრამ ვდგავარ მარტო და ამ ქვეყანაში ძალიან ცივა. 

რთულია ერთმანეთის დანახვა ხალხისთვის, რომელიც შეფერადებული ისტორიის ნაზი იავნანის ფონზე იძინებს და არაფერს სწავლობს; რომლის სისხლმაც ჩინი მიიღო და განზე გაიხედა ყვირილის გაგონებისას. ერთმანეთზე ხელის ჩაჭიდება ეუცხოვებათ იქ, სადაც ერთმანეთი დახოცეს და მრავალჯერ გაუღეს მტერს კარი იგივეს გასაკეთებლად. 

რა იცის ეშმამ შვილდაკარგული მშობელზე, ობოლ შვილსა და მიტოვებული სახლზე, სადაც სუფრა ჯერ კიდევ გაშლილია, ფანჯრები კი ტყვიებით ჩალეწილი; რა იცის მან დაუცველ ბავშვზე, გარდა იმისა, რომ ცხოვრებაში გარიყულთ ათასი სანთელი გააცილებთ. ცარიელი ბრაზი და ნუგეში, მათ ფერხთით დახვავებული, არის ქვიშა, რომელიც თითებშორის იყრება და ქარს მიაქვს. 

სატურნის გულგრილი მზერით ითხრება საფლავები და შიგ იფლება ცნობიერების ლეში, რის უგარეშოდაც მას, ვინც შემდეგ მოვა, აღარ ეცოდინება, რისთვის უნდა იბრძოლოს. და აღარც ის, საერთოდ რომ უნდა იბრძოლოს.
დაისადგურებს სიმშვიდე, სიკვდილი სულისა, სადღეგრძელოებში ნაქები და მისი მტკივნეულობა ბრმად ნაგრძნობი. 

სამრეკლოს სახურავზე ფეხებგადაჯვარედინებული ზის ეშმა, მობეზრებული ზანტად უსვამს ხელს ახალ ოქროს ჯვარს, ამ ეკლესიაში ბევრთაგან ერთ-ერთს, და გაჰყურებს ქალაქს, მოქუფრული ცის ქვეშ მომწყვდეულს.

სტიქაროსანი ზარს რეკავს. ქუჩაში სასოწარკვეთილი ომში შვილმკვდარი დედა დგას, ძაძებში მოსილი და ტირილისგან დაუღლელი. ხალხი არ ჩერდება, პოლიციელები ლეშისმჭამელი თვალებით იმზირებიან. ჩამოივლის ახალგაზრდა, მოხუცს ხელზე ხელს მოუჭერს წამიერ ნუგეშად და გზას აგრძელებს.

"წარსულს სინედლის სიო თუ არ მიეკარება,
გადაშენებით დასრულდება გადაგვარება."
-მერაბ კოსტავა

Saturn, nevermoreStories to obsess over. Discover now