ბედისწერა

By TNT-KO_3

194 28 4

.... More

1
2
3
5
6

4

20 4 0
By TNT-KO_3

ალფამ მხრები შეათამაშა და უცებ ხელი ჯიბისკენ გააქანა.

- გესვრი! - ხმაათრთოლებულმა შესძახა ომეგამ.

- ჯერ გაიგე, რა დღეში ვარ და მერე მესროლე. საიდანღაციდან ჭიანჭველები შემიმესივნენ და უმოწყალოდ მკბენენ.... შიშის ჭიანჭველები კი არა, ნამდვილები  ალბათ, ამდენ დავიდარაბაში ბუდე დავუნგრიეთ, თორემ ღამით ჭიანჭველებს ფუთფუთი არ უყვართ.

ჯიმინმა ალფას ეჭვიანად გახედა.

- ბედე დანგრეული ყველა სულიერი მწარედ იკბინება, გაუძელი!

- სათქმელად ადვილია, გაუძელი.  უუჰ!

- ვინ მოთვლოს თქვენ რამდენ ადამიანს დაუნგრიეთ ბუდე. ხოდა რაც დათესე იმას იმკი.

- მოდი რა მინი, ჯერ ეს ჭიანჭველები დამიხოცე და მერე მეც ზედ მიმაყოლე. უუუჰ, რა მეხუმრება? ცოფიანი ძაღლებივით იკბინებიან! ვეღარ ვუძლებ. ზურგით რომ ხეს ვეხახუნო ხომ არ მესვრი?

- ადგილიდან არ გაინძრე! შენი მოსატყუებელი კბილი დიდი ხნის წინ მოვიცვალე. - კბილებში გამოსცრა ომეგამ, მაგრამ სიტყვა არ ქონდა დასრულებული, რომ შეიშმუშნა, მხრები შეათამაშა და წამოიკვნესა.

- მინი, რას შვები? მე ვიტანჯები და შენ ცეკვავ? - შეუბღვირა განაწყენებულმა ალფამ.

- უი, მეგონა მატყუებდი. მართლა რა მწარედ იკბინენებიან! ჭიანჭველები მინახავს მაგრამ ასეთები არასდროს!

- შენზეც მოიტანეს იერიში? სასიამოვნოა როცა ვინმე შენს ტამჯვა-წამებას იზიარებს. გმადლობ თანაგრძნობისთვის!

- ეშმაკმა წაგიღოს! გაეხახუნე ხეს, ოღონდ ხელები დამანახე, თორემ...

ალფა წამოხტა, უახლოეს ხესთან მივიდა და ზურგი აუსვ-ჩამოუსვა.

- თუ ცოცხალი დავრჩები, დავწერ იუმორისტილულ წიგნს, როგორ ებრძოდა ალფა ჭიანჭველებს ხეზე ხახუნით. - ალფას სახეზე ნეტარება ჰქონდა გამოსახული, - ვითომ იქნება სასაცილო? მინი, რას იტანჯები? მოდი ერთად ვეხახუნოთ ამ ხეს, მოდი ნუ გრცხვენია! მე, არ დაგცინებ!

ჯიმინი კლდეს მიეყუდა და შეძლებისდაგვარად შეებრძოლა აბეზარ მწერებს, იარაღიანი ხელი ისევ ჰაერში ქონდა შემართული, ალფას თვალს წამითაც არ აშორებდა.

ღამეული ტყის სიჩუმე კივილმა დაარღვია.

- ეს რა ჯანდაბა იყო? - ჯიმინი სერიოზულად შეშინდა.

- ახლა მოვა ტურა და ორივეს შეგვჭამს. - მხიარულად უპასუხა ალფამ.

- ტურა?

- ხო, ტურების კივილს ჰგავდა. მერე, მგელიც აყმუვლდება, დათვებიც აბურდღუნდებიან....

- აი, ხედავ, ტყე თურმე მხეცებითაა სავსე, შენ კი მიმტკიცებდი, აქ დავრჩეთ საცხოვრებლადო, - წყენაგარეული ხმით უპასუხა ჯიმინმა.

- მაინც აქ ჯობია, ტყეში მგელი მგელს არ გლეჯს ჩემი გვარისააო, იქ კი...  ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ. თუმცა ნადირი ისე ვერ იარსებებს, თუ არავინ იმსხვერპლა. ჯიმინ, დავანთოთ ცეცხლი. ნადირსაც დააფრთხობს. ომის დროს ტყეში მხეცებმა რომ შეგვჭამონ მეომრები, საწყენი იქნება. ცეცხლი ქინქლასაც მოიგერიებს. ჭიანჭველებზე გავიმარჯვეთ მაგრამ ახლა ქინქლები შეგვჭამენ. ალბათ ფარანმა მოიპატიჟა. მოვიტანო შეშა?

- ჩემი რევოლვერიც გინდა მოაყოლო? რას არ იგონებ!

- იქნებ ჭიანჭველებიც მე მოვიგონე? კარგი, ვიყოთ აბა ასე.

სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

ალფამ მოულოდნელად წასჩურჩულა:

- გესმის? რაღაც გვეპარება!

ჯიმინმა წამიერად უკან მიიხედა და ალფამ თავისი იარაღი თვალის დახამხამებაში დაიბრუნა.

- მშვიდად მშვენიერო! იარაღი რა ომეგის საქმეა! უნებურად რომ გაგივარდეს, უპატიებელ ცოდვას დაიდებ. ახლა ცეცხლს თავისუფლად დავანთებ, თორემ შენ რომ გისმინო....

- მიგიხვდი, არამზადავ, მიგიხვდი! ცეცხლის დანთებით გინდა შენიანებს ანიშნო, რომ ამ ტყეში გადმოსხან დესანტი?

- ისევ არ იშლი შენებურს? სანიშნებლად, მაინცდამაინც ცეცხლი რა დაჭიროა? თუ მომინდებებოდა ფარნითაც ვანიშნებდი.

ალფას შეშაზე შორს წასვლა არ დასჭირვებია, ახლომახლო მოაგროვა და დიდი წიფლის მახლობლად დაყარა. შარვლის ჯიბიდან სანთებელა ამოიღი და შეშას მიუკიდა.

მალე ხმელმა შეშამ ტკაცატკუცი ატეხა. მახლობლად მდგარი ხეების ჩრდილები მიწაზე ათამაშდნენ.

ყველაზე მკაფიოდ ერთმანეთზე გადახვეული ორი ხე და მათი ჩრდილი გამოიკვეთა.

ცეცხლის ალმა ენა თანდათან დაიგრძელა. შუქი კლდეზე აკრულ ომეგას დაეცა. მის გაფართოებულ თვალებში ცეცხლის შუქმა თამაში დაიწყო.

ჩრდილოელმა ფარანი მიანათა ჯიმინს. შიქის სხივი ააყოლ-ჩამოაყოლა და მუხლის ზემოთ შეუჩერა, უფრო ზუსტად კი შიშველ ბარძაყთან.

ომეგა უსიამოვნოდ შეირხა, მერე ოდნავ შეტრიალდა და შიშველ ხსეულზე შარვლის ჩამონახევის აფარება სცადა.

- ასეთია ბედის  ბორბალი, ჩემო მზეთუნახავო. ხან მე ვარ შენი ტყვე, ხან შენ ხარ ჩემი ტყვე. ორივე კი ვიღაც უხილავის ტყვეები ვართ. დროა თავი დავაღწიოთ ტყვეობას.

- წეღან შენი სიტყვები ლამის დავიჯერე. როგორც კი იარაღი ჩაიგდე ხელში, ისევ შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე. გასწიე იქით ეგ დასათხრელი თვალები! - შეუღრინა ომეგამ ალფას.

- ახლა თვალებზეც ბორკილებს მადებ? მე ერთი ჭეშმარიტება ვიცი, ომეგას ყველაზე მეტად ის სწყინს, როცა ალფა ყურადღებას არ აქცევს, თუნდაც ეს ალფა სულაც არ მოსწონდეს.

- გააჩნია, ვინ მოგაქცევს ყურადღებას.

- ოჰ, ომეგებში არ მწყალობს ბედი  ალბათ ამიტომ მინდობს სიკვდილი! მაგრამ ომეგის გარეშე ბედნიერება ხომ არ არსებობს! და დაგიშავე ტყის მშვენიერო ფერიავ შენი სიყვარულის ღირსად რომ არ მთვლი? არ ჯობია, ერთმანეთი შევიყვაროთ, ვიდრე ერთმანეთი დავხოცოთ? ისეთი რა მჭირს, რომ...

- შესაძლოა ალფამ მთელი მსოფლიო დაიპყროს და ერთი ომეგის გული ვერა. ნუ მაწვებ როგორც კატა თაგვს, მომკალი!

- შენ რატომ არ მომკალი? - შეეპასუხა ალფა.

- ჩვენ ტყვეებს არ ვკლავთ! - გამონახა გამოსავალი ჯიმინმა.

- სხვათა შორის, შენისთანა ლამაზ ტყვეს ვერც ჩვენ ვიმეტებთ მოსაკლავად, თუმცა წეღანდელი თქმის არ იყოს, აქ იმის დადგენა შეუძლებელია, ვინ ვისი ტყვეა. არც ერთმა ვიცით სად ვიმყოფებით, ასე რომ ერთდროულად შენ ჩემი ტყვე ხარ, მე შენი. მოვრიგდით?

- როდესაც ტყვეს იარაღი უჭირავს და დამტყვევები ხელცარიელია, იქ მორიგებაზე ლაპარაკი ზღაპარია. შეთანხმება ნებაყოფლობით უნდა მოხდეს  იარაღის შიშით მიღებული შეთანხმება მალე ირღვევა.

- დავაგდებდი იარაღს, მაგრამ სულ ხელცარიელი ხომ არ დავრჩები? ხომ გაიგონე, ღამით ტყეში ნადირი დაძრწის, ვაი და მხეცი მოგვიხტეს?

- აკი სულ ტყეში ვაპირებდით ცხოვრებას? არ იქცევი ალფურად.

- მართალი ხარ მინი! არ ვიქცევი ალფურად. როცა გავიგე, ომეგამ ჩამომაგდო ციდან, იმ წამსვე თავი უნდა მომეკლა. ასე შერცხვენილი შინ მაინც ვერ დავბრუნდები. სიკვდილის ღირსი ვარ! აჰა, გამომართვი იარაღი და მესროლე, გამომართვი მეთქი! თავს ნუ მომაკვლევინებ, შენ მომკალი! შენ თუ არ მომკლავ...

ომეგა შეცბა, მერე ალფას იარაღის ხელიდან გამოგლეჯვაც კი დაუპირა.

ალფამ იარაღი უკან გააქანა.

- არა, შენ ჩემ ცოდვას არ აგკიდებ, თვითონ ვიზამ! - ალფამ იარაღის ლულა საფეთქელთან მიიდო.

,,ხუმრობს თუ მართლა გაისვრის, მკვდართან მარტო რა გამაჩერებს? თამაშობს, ისევ თამაშობს, თუ გაუვარდა, ნახავს სეირს!"

ჯიმინს უნდოდა ისევ ხელი წაეტანებინა და ვერ გაბედა, ვაითუ უნებურად გავასროლინოვო.

- ჰე, მითხარი, როგორ მოვიქცე? თუ გულით მეტყვი მოვიკლავ თავს.

- თავქარიანი, სულელი, გიჟი და გადარეული ხარ! - შეჰყვირა ჯიმინმა.

- გიჟი თუ არ ვიყავი, ის მაინც გამაგიჟებდა რაც აქამდე ვნახე... - ალფა ჩაფიქრდა, - იცი, მე უკვე ორი იარაღი მაქვს, შეშას რომ ვაგროვებდი, შენი რევოლვერი ვიპოვე. ეს, მართლაც არაალფური საქციელია, მე ორი მაქვს შენ არცერთი. შენ მართალი ხარ მინი, პირველად მე თუ არ გენდე გულწრფელად, შენ ვერ მენდობი. აჰა, დაიბრუნე შენი იარაღი.

ჯიმინმა, გაიფიქრა ისევ მატყუებსო, რევოლვერის ჩამოსართმევად ხელი არ გაუწოდა.

- კიდევ არ მენდობი? იცოდე, თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვენდეთ, ამაღამ ხიფათი არ აგვცდება.

ჯიმინმა თავის იარაღს ხელი დასტაცა და წამში მწარედ გაიღიმა.

- ეს ცარიელი ნდობაა, უვაზნო.

- აჰ, ვაზნებიც გინდა? - ალფამ ჯიბე მოიჩხრიკა, - ინებე!

- მხოლოდ ერთი? მეორე სადაა? მე ორი ვაზნა დამრჩა.

- ხო, ჯიბეში ნამდვილად ორივე ჩავიყარე. ერთი, ალბათ, დამეკარგა. გეფიცები, მეორე აღარ მაქვს. აქვე ამომივარდებოდა, დილით მოვძებნოთ. - ალფამ ომეგის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო. - კარგი რა მინი, ჩემს მოსაკლავად ეგ ერთი ტყვიაც გეყოფა, მერე ჩემი იარაღი აიღე და ცხოველები იმით მოიგერიე. აჰა, ესაც შენს ახლოს იდოს. თუ კიდევ გგონია, ბოროტად გამოვიყენებ? - იარაღი ჯიმინისკენ დადო და ჯოხით ცეცხლს შეუჩიჩხინა. - ო, რა აბირბილდა! დაილოცოს პრომეთე, ეს მარადიული საოცრება ღმერთებს რომ მოსტაცა და ადამიანებს აჩუქა. თავი სახლში მგონია... ჯიმინ, ახლოს მოიჩოჩე, არ გიყვარს ცეცხლი?

ომეგამ უსიტყვოდ გააქნია თავი.

- თუ ცეცხლი არ გიყვარს, ქვეყნად არც არაფერი გყვარებია. ცეცხლი ისეთი თბილია, ისეთი მყუდრო... ახლა ამ კოცონს რომ ვუყურებ მგონია ისევ პატარა ალფა ვარ, უდარდელი და უბოროტო.... - ალფას გაეღიმა -  ერთხელ, სკოლაში დაგვაწერინეს თემა, ,,ვინ მინდა გამოვიდე?" არც ვაციე, არც ვაცხელე. მთელ ფურცელზე ერთი სიტყვა ძლივს დავატიე: ყაჩაღი!
მასწავლებელმა ის ფურცელი მაშინვე დირექტორს მიურბენინა, დირექტორმა საყვედური არ მაკმარა, გარიცხვა დამიპირა, სკოლას დასცინისო. ნიჭიერი ვიყავი, მასწავლებლები გამომექომაგნენ, იხუმრაო და სკოლაში გამოსაცდელი ვადით დამტოვეს, იმ დღიდან კლასელები შიშით მიყურებდნენ, ახლოს არ მეკარებოდნენ არაფერი ვაწყენინოთ, გულში ბოღმად არ ჩაიდოს და ყაჩაღი რომ გახება, შური არ იძიოსო. ჩემი კლასელებიდან ზოგი თაღლითი გამოვიდა, ზოგი ყაჩაღი, მე კი... ბევრს ვლაქლაქებ, არა? მოდი სხვა რამით გავერთოთ. კარტი მაქვს, მკითხაობა არ იცი?

- ბოშა კი არ ვარ! - ჯიმინს რატომღაც ეწყინა.

- ხუმრობით მიმკითხავე. არა? მაშინ მე გიმკითხავებ.

- რას გადამეკიდე? ასე ძალიან თუ გინდა, საკუთარ თავს უმკითხავე.

ალფამ კარტი ცეცხლის პირას გაშალა.

- ოჰ, ცუდადაა ჩემი საქმე. ვიღაცას ჩემი სიყვარული ჩავარდნია გულში, თქმას კი ვერ მიბედავს. აი, ნახე! სამუდამოდ ჩემთან ყოფნა უნდა, ოღონდ ტყეში არა. შემთხვევით, ხომ არ იცნობ იმ ომეგას? - ღიმილით შეხედა ჯიმინს, ომეგას სახეზე ბრაზი ეტყობოდა.

- მე რას მეკითხები? ჩრდილოეთში არავის ვიცნობ.

- აჰა! შენ უკვე ეჭვიანობ? ეს კარგია. აბა, რამე ჩაიფიქრე, თუ გამოვიცნობ.

- არაფერსაც არ ჩავიფიქრებ. რა უნდა ჩავიფიქრო?

- სურვილები სამყაროსავით უსასრულოა.

- ახლა არავითარი სურვილი არ მაქვს.

- ცოცხალ ადამიანებს სურვილები არ დაელევა. გინდა გითხრა ამ წამს რას ფიქრობ?

ომეგამ ისევ თავი გააქნია, არაო.

- მაინც გეტყვი, შენ ფიქრობ.... ჰო, ეს ყველაფერი ცხადია თუ სიზმარიო. ჯერ ისიც ვერ გაგირკვევია, რომელი გირჩევნია რომ იყოს, სიზმარი თუ ცხადი. მივხვდი? რატომ დუმხარ? ესე იგი მივხვდი. - ალფამ ცეცხლს მოუჩხრიკა, - იფ, რა ნაკვერჩხალია, უკვე სოკოს შეწვაც შეიძლება, - ალფამ ჩანთა გახსნა და სოკოები ნაკვერცხლებზე დაყარა, - შემთხვევით მარილი, ხომ არ გაქვს მშვენიერო?

- ბოდიში! სამზარულო მეორე ქურთუკის ჯიბეში დამრჩა. - ნიშნის მოგებით უპასუხა ჯიმინმა.

ალფამ კარტი აკტიფა და ჯიბეში ჩაილაგა.

- ჯიმინ, მოდი ეხლა შენ გამოიცანი რაიმე ჩემზე.... მიდი აბა გამოიცანი მე რა გვარი ვარ?

- არ მაინტერესებს!

- ომეგა და ასეთი უცნობისმოყვარეო? თუ მიხვდები, რასაც მთხოვ, შეგისრულებ. ჰე გამოიცანი!

- კიმი?

- არა!... იცოდი რომ კორეის მოსახლეობის 21,6% კიმია?

- ჩოი?

- არა.

- ლიი?

- არა, არა და არა! მე ჯეონი ვარ, ჯეონ ჯონგუკი!

- მართლა? - დაინტერესდა ომეგა, - შენი მოგვარე ჩემს სოფელში ცხოვრობდა, აფთიაქი ჰქონდა.

- მართლა? აქეთ რომ გამომგზავნეს, ვოცნებობდი, იქნებ სადმე მამაჩემის კვალს მივაგნო მეთქი. მამაჩემმა, მე და მამიკო მაშინ მიგვატოვა როცა ჯერ კიდევ აკვანში ვჩხაოდი, მიგვატოვა და სამხრეთში წავიდა. მამა რომ მაპოვნონო მთელი ცხოვრება შენს სურათთან ვილოცებ.

- ის აფთიაქარი, ჩვენ სოფელში იყო დაბადებულ-გაზრდილი. მამამისიც...

ალფამ ამოიოხრა, მხრები საწყლად ჩამოყარა და ცეცხლის ჩიჩქვნა დაიწყო.

სიჩუმეში მხოლოდ აალებული შეშის ტკაცუნი ისმოდა.

ნაკვერცხლებზე სოკო აშიშხინდა და ჰაერი გემრიელი სურნელით გაჟღინთა.

ჯონგუკმა სოკოები სათითაოდ წამოკრიფა ცეცხლიდან და ჩანთაზე დაალაგა.

- ცოტა გაცივდეს. შემწვარი სოკო ქათმის ხორცს მირჩევნია. დილით მაყვალიც დავკრიფოთ. უკვე მწიფდება. მინდორში მარწყვიც ვნახე. ისე იყო დაფენილი წითელი ხალიჩა მეგონა. მოსაკრეფად სად მეცალა, თორემ... ამ მთებში ადამიანი შიმშილით არ მოკვდება.

- ცეცხლი საშიში არ არის? - დუმილი ამჯერად ჯიმინმა გაარღვია.

- ნადირისთვის კი.

- არა. აი თვითმფრინავები რომ გამოჩნდეს, ვაიდა დაგვბომბონ.

- ნუ გეშინია მინი, აქ დასაბომბი არავინ ეგულებათ.

- მითუმეტეს! იქნებ სანიშნე ცეცხლი ეგონოთ, ან ასეთი რამ...

- თვითმფრინავის ხმას რომ გავიგებ, რამეს გადავაფარებ. თუნდაც ჩემს პარაშუტს. გადასაგდებად ვერ გავიმეტე და აქამდე ვათრიე. - ჯონგუკმა უცებ საათს დახედა, - აუჰ, ამდენ ლაპარაკში ლამის ჩემი დაბადების წუთი გამოვტოვე. იქნებ შენი დაბადების წუთიც. მშვენიერი კოცონი გვინთია, სოკოებიც მზადაა, შეგვიძლია ქეიფი დავიწყოთ, - ალფამ ჯიბიდან შოკოლადის ფილა ამოიღო, - ბოდიშს ვიხდი, სხვა არაფერი შემომრჩა, გავიყოთ, - გატეხა და ნახევარი ჯიმინს მიაწოდა.

ომეგამ იუარა.

- გამომართვი, ნუ მერიდები.

- არ მიყვარს შოკოლადი.

- კარგი რა მინი! შოკოლადი ყველას უყვარს. აჰა! დაბადების დღეს გილოცავ!

- რ მინდა! არ მინდა შენი შოკოლადი!

- კარგი, მაშინ. - ალფამ საიდანღაციდან მათარა ამოათრია, - ცოტა სოჯუ შევინახე. მოდი დავილოცოთ, - ჯონგუკმა მათარას ხუფი მოაძრო და აავსო. - გაგვიმარჯოს ჯიმინ! რაკი ორივეს დაბადების დღეა, ორივეს ერთად გაგვიმარჯოს!

- ჩვენი ერთად გამარჯვება შეუძლებელია.

- მაშინ ორივეს ცალ-ცალკე გაგვიმარჯოს! ჰა, ჯერ შენ დალიე!

- არ ვსვამ.

- გეშინია, საწამლავი არაფერი შემომაპაროსო? აბა მიყურე! - ჯონგუკმა გადაჰკრა და შოკოლადის ფილა მიაყოლა, - დალიე და კარგ ხასიათზე დადგები, დალოცე დღევანდელი დღე. სიჯიუტე ცოტა ხანს დაივიწყე და სასმელი გასინჯე.

,,გინდა დამათრო და შენს დაკრულზე მაცეკვო? ვერ მოგართვი!"

- სასმელი ჩემს სიცოცხლეში არ დამილევია.

- ახლა გასინჯე, კიდევ არ მენდობი? ისევ მე დავლევ, - ალფამ ისევ დალია და აღიღინდა. - არა რა, დალოცვილი სასმელია. ერთ ჭიქას ტომ გადავყლურწავ, მაშინვე სიმღერის ხასიათზე ვდგები. შენც არაფრის შეგეშინდეს, სასმელი ჩემზე ცუდად არ მოქმედებს, პირიქით! შეიძლება ფხიზელმა ვინმეს ვაწყენინო, მთვრალმა არასოდეს.

ჯონგუკმა ჯიბიდან ტუჩის გარმონი ამოიღო და ააჭყიპინა, - მოდი, ჯიმინ ვიცეკვოთ! ო, რა ჯიუტი ხარ, არ გინდა და ნუ გინდა, მე თან დავუკრავ, თან ვიცეკვებ. - გარმონიკა ისევ უნდა აეჭყიპინებინა და ცეკვა დაეწყო, მოულოდნელად  ცისა და მიწის სიმყუდროვე თვითმფრინავების გუგუნმა დაარღვია.

- ვაითუ დაგვარტყან! - წამოიძახა ჯიმინმა, - იქნებ, რაღაც ეგონოთ და დაგვარტყან? ან თქვენებმა ან ჩვენებმა. ორივეს მოგვსპობენ. უგზო-უკვლოდ გაგვაქრობენ...მე მხოლოდ უკვალოდ გაქრობის მეშინია, ეს სიკვდილზე ეუარესია....

Continue Reading

You'll Also Like

2.5K 464 10
Найз минь түүнд хайртай байсан юм...
18.9K 1.1K 18
ဒီFicလေးက မူရင်း author barry_bty ရဲ့ခွင့်ပြုချက်နဲ့ Translated ထားတာပါ ❤❤ မင်းတညလုံးသတိမေ့ပြီး...ပြန်သတိရလာတော့...မင်းခံစားချက်မရှိသင့်တဲ့သူတယောက်ဆီ...
37.4K 3.3K 29
" -ამდენად ბინძური ვარ შენთვის, რომ არც კი მეხები? " 🌙
1M 64.1K 119
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...